სამართალი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საქართველოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს საკანონმდებლო მანიპულაციებში ადანაშაულებს

konst_42დღეს, 7 აპრილს, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენცია ეხებოდა საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ არაკონსტიტუციურ ნორმებსა და სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან გამოყენებულ სამართლებრივ მანიპულაციებს. 

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტის მიერ საკანონმდებლო მანიპულაციების მეშვეობით, არაკონსტიტუციური დებულებების შენარჩუნება ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენს და ამ პროცესმა უკვე შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო.

მაგალითისთვის, „საქართველოს შრომის კოდექსის“ თანახმად, დამსაქმებელს შეუძლია, თანამშრომელს კანონიერად აუკრძალოს კონკურენტ ორგანიზაციაში კარიერის გაგრძელება და ამისთვის დააჯარიმოს ის: „შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთერთობის შეწყვეტის შემდეგაც, მაგრამ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში“ (46-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურია, რამდენადაც კაბალურ პირობებში აყენებს დაქირავებულ პირს დამსაქმებელთან და ხელს უშლის საზოგადოების ჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოში განვითარებას. ამასთან, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული შრომის უფლებას. მიუხედავად ამისა, მის გაუქმებას შეუძლებელს ხდის ის მანიპულაციები, რომელთაც საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ახორციელებს.

მაგალითისთვის, საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2010 წლის 17 დეკემბერს ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს შრომის კოდექსი“, რომელსაც ემყარებოდა ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ სარჩელი აღნიშნული არაკონსტიტუციური ნორმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამ ფაქტმა საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალება მისცა, კოდექსის გაუქმებასთან ერთად გაეუქმებინა ორგანიზაციის სარჩელიც, მიუხედავად იმისა, რომ ახალ კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გასაჩივრებული არაკონსტიტუციური დებულება დღეს მოქმედ „საქართველოს შრომის კანონში“ კვლავ იმავე სახით არის ჩამოყალიბებული.

საქართველოს პარლამენტმა თითქოსდა დაამკვიდრა მსგავსი პრაქტიკა და უკანასკნელ პერიოდში საკანონმდებლო ორგანო ხშირად მიმართავს ამ ხერხს სასურველი არაკონსტიტუციური ნორმის შენარჩუნებისთვის, შედეგად კი, საკონსტიტუციო სასამართლო არაერთი სარჩელის განხილვას არიდებს თავს. აღნიშნული ტენდენცია, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აზრით, საკანონმდებლო მანიპულაციად შეიძლება შეფასდეს.

ასევე, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში პრობლემას წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის დადგენილი 9-თვიანი ვადის დარღვევა. სასამართლო გაცილებით მეტ დროს ანდომებს თუნდაც ერთ საქმეზე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას, ამასობაში პარლამენტი აუქმებს კანონს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებას აძლევს, უარი თქვას სარჩელის განხილვაზე. პარლამენტი კი იღებს ახალ კანონს იმავე რეგულაციებით და ამით არაკონსტიტუციური ნორმა კვლავ ძალაში რჩება.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული ქმედებით, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობითა და სხვადასხვა სახის საკანონმდებლო მანიპულაციით უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებები, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია.

პრესკონფერენციაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა კონკრეტული საქმეები, რომლებიც საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მსგავსი მანიპულაციების გამოყენების ფაქტებს ადასტურებს.

თამარ გაბისონია
გამგეობის თავმჯდომარე