პუბლიკაციები
ბიძინა გიორგობიანი: დემოგრაფიულად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად საქართველო მომაკვდავი სახელმწიფოა!
bizina_giorgobiani1991 წლის 31 მარტს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის - ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის სამართლებლივ საფუძვლად იქცა. როგორ განვლო ქვეყანამ თავისუფლებისთვის ბრძოლის რთული გზა და არის თუ არა საქართველო დამოუკიდებლობის აღიარებიდან 20 წლის შემდეგ  დემოკრატიული, დამოუკიდებელი  სახელმწიფო? - აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ “საქართველო და მსოფლიო” ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლსა და უზენაესი საბჭოს წევრს, ამჟამად  დევნილობაში მყოფ ბიძინა გიორგობიანს გერმანიაში დაუკავშირდა.
- 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას. როგორ ფიქრობთ, შესრულდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების მიზანი?
- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იურიდიულად ეფუძნება 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს. აღნიშნული რეფერენდუმის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისაა, რომ იგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა (გუდაუთის რაიონის გამოკლებით). საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა მერაბსა და ზვიადს აზრადაც არ მოუვიდოდა. ეს საქართველოს სახელმწიფოს ნარჩენებია, რასაც სააკაშვილი და მისი ხროვა მოხერხებულად ყიდის.
დემოგრაფიულად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად საქართველო მომაკვდავი სახელმწიფოა. ჩვენი მეზობლები ჩვენგან, ტერიტორიების გარდა, იღებენ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც სამუშაო ძალასა და პროსტიტუციის მასალას. შეუძლებელია, 20 წლის წინათ ეს ვინმეს მიზანი ყოფილიყო! მითუმეტეს - მერაბის, რომელმაც ციხეები და გადასახლებები გამოიარა საქართველოს გულისთვის. ჩვენ ყველას (მათ შორის, მერაბსაც და ზვიადსაც), საქართველო ხელიდან გამოგვგლიჯეს და ცხვირწინ გაგვიყიდეს. ვერ ვივარგეთ!
- იქნებ, მოკლედ გაიხსენოთ 1991 წლის 31 მარტი - როგორ იწყებოდა ყველაფერი და რა არის  დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი, რისთვისაც შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა ღირდა?
- დამოუკიდებლობის გზაზე ყველაზე დიდი მონაპოვარი, ჩემი აზრით, ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა გაითვალისწინოს.  ნაცისტების ხელიდან საქართველოს გამოსახსნელად ნამდვილად მოგვიწევს ბრძოლა ძველ თაობასაც და ახალსაც. ჩვენი ბრძოლა 80-90-იან წლებში  ჰგავდა დანაღმულ მინდორზე ბრმის სიარულს, რომელსაც ძალიან უნდა, გადალახოს ყველა წინააღმდეგობა, მაგრამ გამოცდილი და კეთილისმსურველი მრჩევლების გარეშე ვერ ხედავს ნაღმს და საფრთხისთვის გვერდის ავლა არ შეუძლია. 
საერთოდ, გახსენებისთვის საგაზეთო ინტერვიუ არ გამოდგება. ალბათ, ოდესმე დავწერ მოგონებების წიგნს, სადაც აღვწერ ჩემ მიერ ნანახსა და განცდილს.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო თუ არა, თავიდან აგვეცილებინა სამოქალაქო დაპირისპირება და რა შეცდომები დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ?
- სამოქალაქო დაპირისპირების აცილება იქ, სადაც დაპირისპირებაზე ერთი რომელიმე მხარე მაინც ოცნებობს, გამორიცხულია. მე ზუსტად მახსოვს ოპოზიციაში მყოფი ყველა ის პერსონა, რომლებიც სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს დაუნდობლად ებრძოდნენ (გაიხსენეთ გია ჭანტურიას წერილი ციხიდან: “ყველა, ვინც სტაბილურობისკენ გადადგამს ნაბიჯს, თავს დააყენებს პარტიის გარეთ”). ასევე მახსოვს გამსახურდიას “გარემოცვის” ბევრი წევრი, რომლებიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ან დიალოგს ოპოზიციასთან ზვიადის ღალატად მიიჩნევდნენ. მახსოვს თბილისის ომის საშინელ დღეებში ამ “კრიკუნების” დეზერტირობაც.
ჩემი აზრით, ძალიან ვერაგი და სისხლიანი ძალის ჩარევისა და მონაწილეობის გამო, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდა.
- თქვენ თვალს ადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ოპოზიციის ნაწილი დიალოგის მომხრეა, ნაწილი კი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. სად ხედავთ გამოსავალს?
- საქართველოში არსებული ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთი რომელიმე მეთოდის ან პროტესტის ერთი ფორმის ამორჩევა არაეფექტური იქნება. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მოქნილ და კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ სინდიკატთან. აქ რაიმე აჩემებული სქემითა და მორალური კატეგორიებით წინააღმდეგობა დამარცხებისთვისაა განწირული. 
ნაციზმის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ ყველგან და ყველა მეთოდით, სადაც კი ხელი და კომპეტენცია მიგვიწვდება - საქართველოშიც, ემიგრაციაშიც, საარჩევნო კანონის გასაუმჯობესებელ მოლაპარაკებაზეც და ქუჩის მანიფესტაციაზეც.
- საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის სიამაყით აცხადებს, რომ მას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება. რეალურად წარმატების რა შანსი აქვს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და როგორი დამოკიდებულება აქვთ ევროპაში როგორც საქართველოს, ასევე მისი პრეზიდენტის მიმართ?
- ევროპაში ამ არსებაზე ლაპარაკი დამთავრებულია. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო ბევრს კარგავს სააკაშვილის პრეზიდენტობის გამო. საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ან მოლეკულებად დაიშლება სააკაშვილთან ერთად, ან არსებობას მის გარეშე გააგრძელებს.   არჩევანის დიდი დრო არ გვაქვს. იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მსგავს სიგიჟეებს (რასაც სააკაშვილი სჩადის საქართველოს სახელით) დიდხანს არ პატიობენ. 
სააკაშვილს მხარს უჭერენ ძმები ბეჟუაშვილების მიერ მოსყიდული ჟურნალისტები მოსკოვში და “ზარალას” და “ტილიკას” მასტის ბიზნესმენების მიერ მოსყიდული წვრილფეხა ჩინოვნიკები აშშ-ში.
- საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და 363-გვერდიანი დასკვნაც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა თავი მოიკლა. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. თქვენ რომელ ვერსიას ემხრობით - ეთანხმებით დასკვნას, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია?
- აღნიშნული კომისია სააკაშვილის ხელისუფლებამ მხოლოდ იმისთვის შექმნა, რომ კოკო გამსახურდიას პარლამენტში შესვლის რაიმე მიზეზი არსებულიყო. ეს კომისია ჩემში არანაირ ნდობას არ იწვევს. მე ეჭვით ვუცქერი ყველა იმ 363 გვერდს, რომელიც თენგიზ კიტოვანისა და მსგავსი ხალხის ჩვენებებს ეყრდნობა.
- რას ფიქრობთ ზვიად გამსახურდიას ყოფილ თანაგუნდელებზე, რომლებიც ამ ხელისუფლებასთან წარმატებით თანამშრომლობენ, რამდენად აგრძელებენ ისინი ზვიად გამსახურდიას დაწყებულ გზას?
- 2003 წლის დეკემბერში გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება და 2004 წლის მარტში ჩამოვედი. იმ პერიოდში სახელისუფლო პროცესი მიმდინარეობდა 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგების აღმოფხვრისთვის. იმედი მქონდა, ეს პროცესი გაგრძელდებოდა და ხელს შეუწყობდა სამოქალაქო მშვიდობის დამყარებასა და პუტჩის იურიდიული შედეგების აღმოფხვრას.
სამწუხაროდ, ნაცისტებმა უარი თქვეს ამ გზაზე და აირჩიეს ის გზა, რომელზეც ვიდოდა მათი წინაპარი ფელიქს ედმუნდის ძე. ყველა, ვინც ნაცისტებთან თანამშრომლობს, მას შემდეგ, რაც მათ ადა­მიანების ხოცვა დაიწყეს, სახელმწიფო დამნაშავეა. ყველა დეპუტატი, ვინც უარი თქვა დახვრეტილი ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, სახელმწიფო დამნაშავეა. ყველა, ვინც 2007 წლის თბილისური სასაკლაოს გამართვას დუმილით შეეგება, სახელმწიფო დამნაშავეა და საერთო არაფერი აქვს არც გამსახურდიასთან და არც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან.
ეკა ხერხეულიძემ ტელეეთერში განაცხადა, ჩვენმა ხელისუფლებამ ერთი ბეწო ტერიტორია დაკარგაო. აბა, მითხარით, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ხალხს ან ზვიადთან, ან საერთოდ საქართველოსთან?!
- თქვენ ხეტყის მაფიაში ამხილეთ ხელისფლება, კონკრეტულად, - შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. რა დოკუმენტაცია გაქვთ ხელთ და სად არის ამჟამად შსს-ს მამხილებელი დოკუმენტები?
- ყველა დოკუმენტი, ჩემი დევნისა და ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყალბი საქმის შესახებ მოიძია საპარლამენტო მომხსენებელთა ჯგუფმა 2005-2007 წლებში (რომელშიც გაწევრიანებული იყვნენ სამი ფრაქციის წარმომადგენლები), დასკვნა დაიწერა 2008 წლის გაზაფხულზე და შეადგენს 4 ტომს. მისი ერთი ასლი ინახება პარლამენტის ბიბლიოთეკაში, მეორე - ჩემთან, ბერლინში; მესამე - თბილისში, საპატიო ადგილას.
- თქვენ ბრალი დაგდეს მილიონ 200 ათასი ლარის გაფლანგვაში და წითელი ცირკულარით იძებნებით; ევროსასამართლოში შეიტანეთ სარჩელი. რა ეტაპზეა ამჟამად პროცესი და რას აპირებთ?
- სტრასბურგში მიმდინარეობს საქმე, მაგრამ, რადგან მე არც ციხეში ვზივარ და არც მომაკვდავი ვარ, მოსმენას აჭიანურებენ. 
ჩვენ ცირკულარების არ გვეშინია. ასეთი ცირკულარები ბევრი გვინახავს. 2005 წელს სააკაშვილს უთქვამს ჩემზე: “კანდალებით ჩამოვიყვანო” და ვის მოუწევს “კანდალები”, ჯერ კიდევ საკითხავია.
- საქართველოდან ორგზის დევნილი თუ ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?
- საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. ციხეში ჯდომით მე ვერავის ვერაფერს დავუმტკიცებდი, ასე კი შემიძლია ჩემი ქვეყნის გადასარჩენად ვიბრძოლო. ამიტომ ხელახალი ემიგრაცია ვარჩიე.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი