პოლიტიკა
ისრაელმა საქართველო საშიში ქვეყნების ნუსხაში დააბრუნა

Israel_Georgiaისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში შედის, გაავრცელა განცხადება, სადაც რეკომენდაციაა, ისრაელის მოქალაქეებმა პასექის დღესასწაულის წინა დღეებში თავი შეიკავონ საქართველოსა და სომხეთში გამგზავრებისაგან.

განცხადების მიხედვით, ამ ქვეყნებში არსებობს ისრაელის მოქალაქეთა მოტაცების საფრთხე „ჰეზბოლას“ ან „ჰამასის“ ტერორისტების მიერ. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არის „კონკრეტული საფრთხე“. ინფორმაციას ამის შესახებ „IzRus“ ავრცელებს.

საშიში ქვეყნების რიცხვში კიდევ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყანა მოიაზრება – აზერბაიჯანი და ტაჯიკეთი. თურქმენეთი ამ სიიდან დღეისათვის ამოღებულია.

ისრაელის შტაბის ეს განცხადება საფრთხეს შეიცავს იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე საქართველოში „ჰეზბოლა“ და „ჰამასი“ არასოდეს უხსენებიათ და ჩვენს ქვეყანას არც არასოდეს აკავშირებდნენ მათთან. სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო საქართველოში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავების გამო, რომლებსაც მაღალჩინოსნის მოქრთამვის მცდელობა ედებათ ბრალად. ამ მეთოდით ისრაელის ზოგი სტრუქტურა ცდილობს საქართველოსა და ისრაელის ტურისტული თანამშრომლობის ჩაშლას.