პოლიტიკა
ოპოზიციურმა „რვიანმა“ ნატოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმაზე ისაუბრა

apaturai_opziciaნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში ვიზიტის ფარგლებში იმ რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში არიან ჩართული. ეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის არსებული უთანხმოების გამო ამ ეტაპზე შეჩერებულია.

ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯეიმს აპატურაი კარგად იყო ინფორმირებული საარჩევნო რეფორმის საკითხებზე, რაც, მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იქნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც მომავალ კვირას ბერლინში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად იგეგმება.

„თავად განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში საარჩევნო რეფორმის თემა და დემოკრატიული არჩევნების თემაა განმსაზღვრელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებებს ხელისუფლება „არასწორი მიზეზების გამო არიდებს თავს“ და „მსოფლიომ ეს უნდა იცოდეს – ვინ გადაწყვიტა ამ პროცესის ჩიხში შეყვანა და ვინ ცდილობს შედეგის მიღწევას“.

„ნატო, ბუნებრივია, ეს არ არის მარტო სამხედრო ბლოკი, ეს არის დემოკრატიული ქვეყნების დემოკრატიული გაერთიანება და, ბუნებრივია, მისთვის საინტერესოა, თუკი საქართველო არის და იქნება პარტნიორი, როგორი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების მომავალი ამ ქვეყანაში. და, ბუნებრივია, ნომერი პირველი თემა, როგორც ბატონმა აპატურაიმ გვითხრა, ეს არის სწორედ საარჩევნო კოდექსი და დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ოპოზიციური რვიანის“ მიზანი საარჩევნო რეფორმაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვებაა. „თვითონ შეხვედრის ფაქტი ბატონ აპატურაისთან ამ მხარდაჭერაზე მეტყველებს“, – აღნიშნა მან.

„სკეპტიკოსების გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ ძალიან დიდია საერთაშორისო ინტერესი ამ პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელშიც რვა პარტიაა ჩართული და ეს ყველას გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საარჩევნო გარემო და კოდექსი შეიცვლება თვისობრივად“, – აღნიშნა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

ეროვნული ფორუმის ლიდერ კახა შარტავას განცხადებით, საარჩევნო მოლაპარაკებებში ძირითადი შეთანხმებებისთვის ოპოზიციასა და ხელისუფლებას მაისისთვის უნდა მიეღწიათ, თუმცა „დღეს ეს პროცესი არ მიმდინარეობს და ხელისუფლების დამსახურებით არ ხდება ეს“.

„ამ საკითხებზე, ალბათ, ვისაუბრებთ“, – განუცხადა მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს და დასძინა: „ვინაიდან ასეთი დიდი ინტერესია, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას ამჯერად სწორი პოლიტიკური პროცესი დაუწყია“.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოს წარმომადგენელი შეხვედრის დროს, ასევე, დაინტერესდა მედიამფლობელთა გამჭირვალობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების მიღების გაჭიანურებასთან დაკავშირებული საკითხით და სასამართლოს სფეროში არსებული მდგომარეობით.