საზოგადოება
70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით გაიზარდა და 250 ლარი შეადგინა

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით გაიზარდა და 250 ლარი გახდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაზრდილი პენსიით ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი.

ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი, პენსია 300 ლარი იქნება, ვინაიდან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 პროცენტის ოდენობით.

მთავრობაში განმარტავენ, რომ 2021 წლის იანვრიდან იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება, რომლის მიხედვით: ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი; მიუხედავად ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლისა და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.