აქტუალური
თქვენი განათლება ქვეყნის წინსვლის გარანტიაა – გახარიამ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მხარდაჭერა გამოუცხადა იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გუშინ პირველები გავიდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, და მათ წარმატებები უსურვა.

აბიტურიენტებმა 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. სულ საქართველოში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93%.

წარმატებას გისურვებთ, ახალგაზრდებო! თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი, როდესაც საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს და შეძენილ ცოდნას საუკეთესოდ გამოამჟღავნებთ. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა", – დაწერა გახარიამ თავის ფეისბუქ-გვერდზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გრანტების კონკურსი გაიმართება 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1-4 აგვისტოს. გამოცდები მასწავლებლებისთვის 22-30 ივლისს ჩატარდება. სულ წელს გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მონაწილეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.

აბიტურიენტებმა სამი გამოცდა უნდა ჩააბარონ – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. გამოცდა „ზოგად უნარებში" 2020 წელს გაუქმდა. მას აბიტურიენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.