საზოგადოება
აბიტურიენტები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან საქართველოს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 6 ივლისის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალურ ოდენობასაც მიიღებენ, რაც წელიწადში 2 250 ლარს შეადგენს.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებულია, რომ უკვე თვეებია, სოხუმსა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშიერბელი გამშვები პუნქტები ჩაკეტილი აქვთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ის აბიტურიენტები, რომლებიც „ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით“.

2019 წელს ქართულ უნივერსიტეტებში გალის რაიონიდან ის აბიტურიენტები ჩაირიცხნენ, რომელთაც ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ენგურის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, საზღვრის გადმოლახვა და ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა ვერ შეძლეს.