სამართალი
მედიაკოალიცია მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციების კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობს

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ათზე მეტ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარი კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში მთავრობის ადმინისტრაციისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებული ცვლილებებს აპროტესტებს. კოალიციის თქმით, ცვლილებათა პროექტი მედიის „გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს“ შეიცავს და მისი მიღება მედიაგარემოს „უდიდეს ზიანს“ მიაყენებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში პირველ ივლისს ინიცირებული ცვლილების მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ იქნება.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შემოთავაზებული ცვლილებით კი, კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.

კოალიციის 7 ივლისის განცხადებაში წერია, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით – სპეციალური მმართველის დანიშვნისა და წილის გასხვისების უფლებით – კომისიას „განუსაზღვრელი ძალაუფლება“ ენიჭება.

„ამასთან, კომუნიკაციების კომისია შეძლებს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ბერკეტების გამოყენებით მიიღოს ყველა გადაწყვეტილება მედიის გავრცელების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, სარეკლამო მომსახურებისა და შრომითი უფლებების გადაწყვეტის საკითხებზეც კი“, – აცხადებენ კოალიციაში.

კოალიცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს კანონპროექტი არ დაამტკიცოს და კომისიის შემოთავაზებული წინადადებები მაუწყებლების, საქმესთან დაკავშირებული პირებისა და ექსპერტების მონაწილეობით განიხილოს.

ამასთან, კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიმართავენ:

პარლამენტს, რომ შეხვდეს კოალიციას კანონპროექტზე მოსაზრებების გასაცვლელად;

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საკითხის განსახილველად შეხვდეს სამოქალაქო სექტორსა და დარგის სპეციალისტებს;

საქართველოს მთავრობასა და პრემიერმინისტრს სამოქალაქო სექტორთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად გადახედონ კანონპროექტს;

ბიზნესომბუდსმენის აპარატს, მედიასაშუალებებთან ერთად გააანალიზოს მედიის, როგორც ბიზნესის რისკები ქვეყანაში;

დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიის თავისუფლების ხელშეწყობისა და დაცვის მნიშვნელოვან პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარება გაუწიონ.

ინიცირებულ ცვლილებებზე ცალკე განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ (საია) და განმარტა, რომ მაუწყებლების დიდი ნაწილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებიც არიან და ეს დებულება მათზე პირდაპირ გავრცელდება.

„[ეს] კომისიას მისცემს საშუალებას, დანიშნოს სპეციალური მმართველი ამ მაუწყებლებში, მიიღოს მათთან დაკავშირებული მმართველობითი გადაწყვეტილებები და ჩაერიოს სარედაქციო გადაწყვეტილებებშიც“, – აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, „არ დაუშვას შემოთავაზებული რეგულაციების მაუწყებლებზე გავრცელება და კანონპროექტის განხილვის დროს უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა“.

კრიტიკის საპასუხოდ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისია აცხადებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები „მედიასთან და მაუწყებლებთან“ კავშირში არ არის და საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ „კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრისკენ“ არის მიმართული.