აქტუალური
16 წლის შემდეგ ოჯახი სამართლიანობასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. სვანეთში 2004 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ომეხ და გოჩა აფრასიძეების დედა და მეუღლე - დოდო აფრასიძე - სამართლიანობასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ამ მიზნით ქალი და ოჯახის სხვა წევრები გუშინ გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. შეხვედრამდე კი განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ ამ სპეცოპერაციაში დამნაშავეები და მონაწილეები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე და სააკაშვილის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.

ქალის განცხადებით, დამნაშავეები ახლაც დაუსჯელები არიან და ბრალს არ აღიარებენ, მეტიც, ბრალდებები კვლავ მათი ოჯახის მისამართით ისმის.

დოდო აფრასიძე დარწმუნებულია, რომ სპეცოპერაცია მაშინდელი ხელისუფლების მიერ მისი ოჯახის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი შეტევა იყო.

მან ჟურნალისტებს 2004 წლის 24 მარტის ტრაგიკული დილის დეტალები უამბო.

ჩემი შვილი (ომეხი) ხელფეხშებორკილი გაიყვანეს სახლიდან, რის შემდეგაც შუა გზაში დააგდეს და დაცხრილეს. ჩემი ხელებაწეული მეუღლე (ევგენი აფრასიძე) აივანზე რომ გამოვიდა, ესროლეს, დაჭრეს სასიკვდილოდ. ჩვენს ოჯახში თუ რამ კარგი იყო, ყველაფერი გაზიდეს და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ჩემი მეუღლე ცოცხლად გადაწვეს. როცა ამბობენ, სახლიდან ცეცხლი გაგვიხსნესო. სად არის ის იარაღი, მოხვდა ვინმეს? ან ამოიღეს იარაღი საერთოდ? გამოსაყენებლად ვარგისი იარაღი ჩვენი ოჯახიდან არ ამოუღიათ“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.

მისი თქმით, სამხედოებმა, რომლებიც ოპერაციას ატარებდნენ, უკვე გარდაცვლილ ომეხს ბეჭედი ვერ მოხსნეს, „წააჭრეს თითი და ისე გამოაძრეს ბეჭედი“.

შსს-მ აღნიშნული სპეცოპერაცია სვანეთში 16 წლის წინ ჩაატარა. ის 2004 წლის 24 მარტს დილის 06:00 საათზე დაიწყო.

ოპერაციის დასრულების შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მაღალმთიან რეგიონში ლიკვიდირებულია სამი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი - აფრასიძეების ოჯახის წევრები, და დაკავებულია დაახლოებით 40 ადამიანი.

სპეცოპერაციაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროების სპეცდანიშნულების რაზმების 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მესტიაში კოპიტნარის აეროდრომიდან 10 ვერტმფრენით აიყვანეს.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში სპეცოპერაციის დროს მოხდა ურთიერთსროლა ადგილობრივ კრიმინალ ავტორიტეტებთან, რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ესენი იყვნენ ევგენი აფრასიძე და მისი სამი ვაჟი - გოჩა, ომეხი და შვანგი.

სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, ისინი მძიმე დანაშაულების ჩადენაში იყვნენ ეჭვმიტანილები და მართლმსაჯულებას დიდი ხნის განმავლობაში ემალებოდნენ. ურთიერთსროლისას სამი ბოროტმოქმედი მოკლეს, შვანგი აფრასიძე კი დაიჭრა.

ოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთსროლისას სერიოზულად დაზიანდა ერთ-ერთი ვერტმფრენის კორპუსი, რომელმაც ეცერში სპეცდანიშნულების ჯგუფი ჩამოსვა. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა.

გიორგი ბარამიძემ, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ აფრასიძეების კლანი ეჭვმიტანილი იყო თბილისის ამჟამინდელი მერის, კახა კალაძის ძმის, ლევანის გატაცებაში.

შსს-ს 2004 წლის მონაცემებით, აფრასიძეების ოჯახის წევრები ფიგურირებდნენ მრავალრიცხოვან მკვლელობებში, ყაჩაღობებში და ადამიანების გატაცებებში როგორც სვანეთში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.

სპეცოპერაციის მსვლელობას აკონტროლებდა სამი მინისტრი - გიორგი ბარამიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი. აფრასიძეების ოჯახი ჩადენილი დანაშაულისთვის სამივეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.