უცხოეთი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გათავისუფლდა

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ელმარ მამედიაროვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი.

მანამდე კი, ქვეყნის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა. ალიევის განცხადებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არავითარი რეაგირება არ მოახდინა, როდესაც აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება გართულდა.

„რას აკეთებდა საგარეო საქმეთა მინისტრი? სად იყო? ჩვენ ვმუშაობდით 12 ივლისის მოვლენების შემდეგ. პრემიერ-მინისტრი სამსახურში იყო, მე დილამდე ვმუშაობდი. თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი და უშიშროების საბჭოს მდივანი დილამდე მუშაობენ. მე ვერ შევძელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოძებნა“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განკარგულებით, საგარეო საქმეთა მინისტრად ჯეიხუნ ბაირამოვი დაინიშნა, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობაში 2018 წლიდან განათლების მინისტრად მუშაობდა.

რაც შეეხება ელმარ მამედიაროვს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებდა.

1tv.ge