პოლიტიკა
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს "ჯაშუში" ცოლ-ქმარი გაასამართლა

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილი უფროსი სერგეი ლიპინი და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე ბრალდებით, 13 წლით პატიმრობა მიესაჯა ლიპინის ცოლს, ნანული ჭულუხაძეს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ცოლ-ქმარი 2019 წლის ივლისში დააკავა საქართველოს სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო, „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ ლიპინმა და ჭულუხაძემ დანაშაული აღიარეს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილია ლიპინის ქალიშვილიც, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმალება.

სერგეი ლიპინი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა ამჟამინდელი „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის და მისი წინამორბედის ლეონიდ თიბილოვის მმართველობის პერიოდში. ლიპინი ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციას „როსი“, რომელსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის საელჩოსთან.