საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას არ შეიწყალებს

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 31 ივლისს განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, არ აპირებს იმავეს გამეორებას, რაც ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შემთხვევაში გააკეთა.

სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების ნაწილისთვის ძნელად გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები მათი პრეტენზიის მიუხედავად, იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე, როგორც დამნაშავეები. ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პირადად ჩავთვალე, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე, დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება. დღეს მე ამას არ გავიმეორებ. ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ – მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას.

დღეს მნიშვნელოვანია, ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება ორბელიანების სასახლეში, მხატვარ მამუკა ცეცხლაძისა და 10 წლის მუსიკოს ცოტნე ზედგენიძის კარანტინში შექმნილი ნამუშევრების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ღონისძიებას მიწვეული სტუმრები, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მანამდე, ორბელიანების სასახლეში მყოფმა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რურუას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა და ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.