საზოგადოება
„რვიანის“ ახალ საარჩევნო წინადადებებზე პასუხი არ არის

rviani33რვა ოპოზიციურ პარტიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ახალ წინადადებებზე, რომლებიც მათ გასულ კვირას წარმოადგინეს, მმართველი პარტიისგან პასუხი არ მიუღია.

ოპოზიციური „რვიანის“ წარმომადგენელი „ახალი მემარჯვენეებიდან“ მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას მათი მორიგი შეთავაზებები მედიისა და საარჩევნო მოლაპარაკებების მოდერატორი ორგანიზაციის – საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მეშვეობით გაეგზავნა. „რაიმე კონკრეტული ტიპის ინიციატივა ან პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არაოფიციალურ დონეზე არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ხელისუფლება გარკვეულ შემხვედრ წინადადებებს ამზადებს.

„ამ გაზაფხულის განმავლობაში ხელისუფლება ვერ აირიდებს თავიდან პასუხის გაცემას“, – აღნიშნა კაციტაძემ.

მმართველი პარტიის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა უარი თქვა რაიმე კომენტარის გაკეთებაზე საარჩევნო მოლაპარაკებების ირგვლივ არსებულ ვითარებასა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ წინადადებებზე ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით.

მმართველი პარტია აცხადებდა, რომ არ დათანხმდება ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. თავდაპირველად ოპოზიცია არსებული სისტემის შეცვლას მოითხოვდა, თუმცა ბოლო შემოთავაზებით დათანხმდა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების პრინციპს იმ პირობით, რომ პარტიას როგორც მაჟორიტარული წესით, ისე პარტიული სიით იმდენი მანდატი უნდა ერგოს პარლამენტში, ამომრჩეველთა რამდენი პროცენტიც დაუჭერს მას მხარს.

ამ საკითხზე ერთადერთი კომენტარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ ოპოზიციამ „აბსურდული“ შემოთავაზებით, პრაქტიკულად, კონსტრუქციული დიალოგის გზა მოჭრა.

საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებები 9 მარტის შემდეგ შეჩერებულია, რაშიც მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს.

ოპოზიციური „რვიანი“ აცხადებს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და როგორც კი ხელისუფლება „ადეკვატურ“ წინადადებებს წარმოადგენს, ისინი მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდებიან.

მანამდე კი, კაციტაძის განცხადებით, „რვიანის“ წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს საერთაშორისო და ადგილობრივ წარმომადგენლებთან მათი პოზიციისათვის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. ამ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რიგი საელჩოების წარმომადგენლებთან, ასევე, რეგიონებში გასვლითი შეხვედრები.