პოლიტიკა
ევროკავშირი საარჩევნო რეფორმის მომხრეა

dimitrov_PHევროკავშირი მიესალმება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის დაწყებულ დიალოგს და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები მხარეებისათვის მისაღები შედეგებით დასრულდება.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებები, რომლებიც ნოემბრიდან მიმდინარეობდა, 9 მარტის შემდეგ აღარ გამართულა. მხარეებმა დიალოგის ჩაშლაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ამ ფონზე 13 აპრილს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების სახელით, სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

„ევროკავშირი მიესალმება საარჩევნო კოდექსის შესახებ დიალოგს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, – ნათქვამია განცხადებაში, – ევროკავშირი, ასევე, მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას ამ პროცესში“.

„საარჩევნო კოდექსის რეფორმირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელების გზაზე, – აცხადებს ევროკავშირი, – იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების შედეგები იქნება არამარტო ორივე მხარისთვის მისაღები და ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისი, არამედ ხელს შეუწყობს ნდობის განმტკიცებას ყველა მხარეს შორის“.

„ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით დააკვირდება მოლაპარაკებას და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.