საზოგადოება
ევროპარლამენტის რეზოლუცია სოხუმსაც მოსწონს

eustrasbourgოდნავ დაგვიანებით, მაგრამ სოხუმი მაინც გამოეხმაურა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის – აღმოსავლეთ განზომილების მიმოხილვის თაობაზე რეზოლუციას“, რომელიც ევროპარლამენტმა 7 აპრილს მიიღო.

„როგორც ევროპის ნაწილი, აფხაზეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ახლო თანამშრომლობა მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა სოხუმის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ახლად შექმნილ დიპლომატიურ სამსახურს (European External Action Service - EEAS), „ნდობის აღდგენისკენ მიმართული უფრო მეტი ღონისძიება და პროგრამა მოამზადოს, რაც გულისხმობს ახალი მისიების დაწყებასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის გატარებას, ასევე, პრაგმატული ინიციატივებისა და ინოვაციური მიდგომების შემუშავებას, როგორიცაა არაოფიციალური კონტაქტები და კონსულტაციები განდგომილი რეგიონების საზოგადოებებთან, როცა შენარჩუნებული იქნება ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკა“.

სოხუმის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა რეზოლუციას და განაცხადა, რომ ეს აფხაზეთის „დეიზოლაციასა“ და ევროკავშირთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, რეზოლუციას „დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტთან აფხაზეთის თანამშრომლობის დაგეგმარებაში“.

სამინისტროს განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სოხუმი დადებითად აღიქვამს რეზოლუციის გზავნილებს, რომლებიც ფრთხილად გათვლილ „პრაგმატულ პოლიტიკას“ ეფუძნება.

აფხაზეთი მხარს უჭერს გარესამყაროსთან კონტაქტების დივერსიფიცირებას, პირდაპირი და უშუალო კონტაქტების გააქტიურებას ევროკავშირთან, რაც „წარმოადგენს ერთადერთ რაციონალურ“ მიდგომას და „მოწოდებულია, მოხსნას აფხაზეთის მრავალწლიანი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია“.

„უფრო მეტიც, აფხაზეთის დეიზოლაცია და პირდაპირი თანამშრომლობა ევროკავშირთან ხელს შეუწყობს აფხაზეთში დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ასევე, შექმნის კონფლიქტის მოგვარების ხელსაყრელ პირობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თავის მხრივ, აფხაზეთი ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას კონფლიქტის მოგვარების პრაგმატული ინიციატივებისა და ნოვატორული მიდგომების განხილვის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ კეტრიტ ეშტონსა და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს (EEAS), „გააძლიერონ თავიანთი ჩართულობა გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში... საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით – როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა, თვითგამორკვევა და ტერიტორიული მთლიანობა, უფრო აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავებით, უფრო აქტიური მონაწილეობით და უფრო გამორჩეული როლით კონფლიქტების მოგვარების მუდმივ და სპეციალურ სტრუქტურებში, მათ შორის, მოლაპარაკების უკვე არსებულ ფორმატებში“.

რეზოლუციის ამ ნაწილის კომენტირებისას სოხუმელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოგვარება „უნდა აიგოს არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, არამედ ერის თვითგამორკვევის უფლებაზეც“.

„აღნიშნული პრინციპის რეზოლუციაში ასახვით ევროპარლამენტმა, არსებითად, დააფიქსირა ერის თვითგამორკვევის უფლების თანასწორობა საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.