სამართალი
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები გამართეს

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, შესაბამისად – ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და რუდოლფ მიხალკამ, 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი დისკუსიების 51-ე რაუნდის წინ თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები გამართეს.

თბილისში 15 სექტემბერს გამართული ვიზიტის დროს, დიპლომატები საქართველოს ოფიციალურ პირებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოხატეს ცხინვალის რეგიონთან გამყოფ ხაზზე „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლების, ასევე თვითნებური დაკავებების გამო და საქართველოს მოქალაქეების, ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის და გენადი ბესტაევის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხი დააყენეს.

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრაზე კვლავ დააყენა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და აღნიშნეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის დაბრუნების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხებს. ამავე ინფორმაციით, „ყურადღება გამახვილდა ასევე გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობაზე“.

თანათავმჯდომარეებთან გამართულ ცალკე შეხვედრაზე, მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ინსტრუმენტების გააქტიურებას და დეზინფორმაციულ თავდასხმებს საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ; ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შეუზღუდავად შესვლა უნდა შეეძლოს.

16 სექტემბერს, თანათავმჯდომარეები ცხინვალში ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომელთაც მურატ ჯიოევი ხელმძღვანელობდა. ცხინვალის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა თბილისს გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მიზნით „საზღვრის“ დელიმიტაციის დაწყება შესთავაზა. ცხინვალმა თბილისი საერთაშორისო არენაზე „სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციისკენ“ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებაში დაადანაშაულა და საქართველოს ზოგიერთი ლიდერის მიერ გაკეთებული „რევანშისტული განცხადებები“ გააკრიტიკა.

17 სექტემბერს სოხუმში თანათავმჯდომარეები აფხაზეთის დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე“, ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დისკუსიების დღის წესრიგში მათი მთავარი წუხილი ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტზე შეთანხმებაა.

ტუჟბამ ნატოსა და საქართველოს შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზეც გამოხატა შეშფოთება და რეგიონში დაძაბულობის აცილების მიზით, თანათავმჯდომარეებს ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა. აფხაზური მედიის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრების განახლების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 12 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.