სამართალი
ომბუდსმენის რეკომენდაციები რელიგიის თავისუფლებასა და რელიგიურ უმცირესობებზე

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 24 სექტემბერს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობით, რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური უმცირესობების შესახებ რეკომენდაციები წარმოადგინა.

რეკომენდაციების ადრესატი საქართველოს ხელისუფლება და მედიაა. რეკომენდაციები შემდეგ რვა სფეროს მოიცავს – რელიგიის თავისუფლების საკანონმდებლო რეგულირება; შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაული; სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიის თავისუფლების სფეროში; საკუთრებასა და ქონებასთან დაკავშირებული პრობლომები; საზღვრის კვეთა და რელიგიური ლიტერატურის შემოტანა; პოლიცია ეთნიკური/რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; განათლება; მრავალფეროვნების ასახვა, სიძულვილის ენა, ანტიდასავლური პროპაგანდა და მედიის როლი.

ანგარიში გამოცემულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია, საქართველოს კანონმდებლობა რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფს, თუმცა „სხვადასხვა კანონში არსებული დისკრიმინაციული ნორმები“ არადომინანტურ რელიგიურ გაერთიანებებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით „უთანასწორო პირობებში აყენებს“.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საკუთრების შესყიდვის შესახებ კანონები შესყიდვის უფლებას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აძლევს. ის საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს რელიგიური უმცირესობებისთვის „ერთ-ერთ უმთავრეს და სისტემურ გამოწვევად“ აფასებს და აცხადებს, რომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საკუთრების რესტიტუცია მხოლოდ საქართველოს მართლმადედბლურ ეკლესიას შეეხო. „საქართველოს საპატრიარქოს, საკუთარი ქონების გარდა, გადაეცა სხვა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონებაც, რომლებითაც დღემდე სარგებლობს და არ თანხმდება მათ დაბრუნებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ამგვარი პრაქტიკა დღესაც გრძელდება, ხოლო არადომინანტი რელიგიური გაერთიანებები „ხშირად აწყდებიან ხელოვნურ და დისკრიმინაციულ ბარიერებს ახალი რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პროცესში“.

არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ხშირად აწყდებიან პრობლემებს სახელმწიფო საზღვრის კვეთისა და რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას. „სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებისას, მათ სახელმწიფო საზღვარზე არაგონივრული ვადით აყოვნებენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას როგორც „უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯს“. თუმცა, აღნიშნავს, რომ „ამ დეპარტამენტს არა აქვს საგამოძიებო ფუნქცია“.

უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის ანტისემიტურ ნიადაგზე მკვლელობის საქმის განხილვისას, ანგარიში აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული შეუწყნარებლობის გამო მკვლელობაში ორი პირი დამნაშავედ არ ცნო. დოკუმენტი რეკომენდაციას აძლევს შს სამინისტროს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს საგამოძიებო ფუნქცია მიანიჭოს, რათა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმები სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით იქნას კვალიფიცირებული, რომლებიც სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

სხვა რეკომენდაციების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის საქმიანობა უნდა შეისწავლოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგია შეიმუშავოს და უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტის მკაცრი დაცვა და სიძულვილის ენის დაუშვებლობა.

დოკუმენტის თანახმად, რელიგიური მიუკერძოებლობის პრინციპი დარღვევულია განათლების ყველა საფეხურზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უმცირესობები, ასევე უცხოელი სტუდენტები ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციულ და გულგრილ დამოკიდებულებას როგორც თანატოლების, ასევე ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მხრიდან.

სახალხო დამცველი და რელიგიათა საბჭო წლებია მოუწოდებენ სახელმწიფოსა და განათლების სამინისტროს, გამოავლინონ პოლიტიკური ნება და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ამგვარი შემთხვევების აღმოსაფხვრელად, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხების მოსაგვარებლად არ გადადგმულა შესაბამისი ნაბიჯები“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტი შეშფოთებას გამოხატავს შეუწყნარებელი, ქსენოფობიური გზავნილების დინამიკის ზრდის გამო, რა დროსაც, მედიასაშუალებები არაკვალიფიციური გაშუქებით ქსენოფობიური დამოკიდებულის ხელშეწყობის წყაროდ იქცევიან. ამ კონტექსტში, დოკუმენტი აცხადებს, რომ დასავლეთის დემონიზება და რუსეთის, როგორც დასავლეთის ალტერნატივის პოზიტიურად წარმოჩენა, ტენდენციის სახეს იძენს.