უცხოეთი
სომხეთი და აზერბაიჯანი შეიარაღებულ დაპირისპირებაზე მორიგ ცნობებს ავრცელებენ

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მიერ ქალაქ ვარდენისის დაბომბვას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ერევანში ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, აზერბაიჯანი თურქეთის აქტიური დახმარებით, სომხეთის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გეოგრაფიას აფართოებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული ქვედანაყოფის უკუგდება შეძლეს და აზერბაიჯანის მხარეს ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები აქვს. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი „ტოსის“ და „სმერჩის“ მსხვილკალიბრიან საარტილერიო დანადგარებს იყენებს.

შეიარაღებულ დაპირისპირებაზე ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მხარეც. ბაქოში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მადაგიზეში სომხეთის არმიის ერთი ლეგიონის სრული დემორალიზება მოხდა და პირადი შემადგენლობა პანიკაშია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერიოზულად არის დაჭრილი სომხეთის არმიის მე-18 მოტომსროლელი დივიზიის მე-9 ლეგიონის მეთაური არტიომ პოღოსიანი.