რელიგია
საქართველოს პატრიარქს საპატიო დოქტორის წოდება honoris causa მიენიჭა

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის სასულიერო აკადემიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საპატიო დოქტორის (honoris causa) წოდება მიანიჭა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

აკადემიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ესაა სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება, რომელიც პირველად სწორედ საქართველოს პატრიარქს ენიჭება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აკადემია ასეთ მაღალ ჯილდოს ანიჭებს და გადასცემს მას პატრიარქს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის“, - აღნიშნა ზვიადაძემ.

მისი განმარტებით, აკადემიას უფლება აქვს, ხარისხის დაცვის გარეშე მიანიჭოს ადამიანს აღნიშნული წოდება.

ესაა პატრიარქის მიერ დაფუძნებული პირველი უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა. მან უდიდეს წარმატებას მიაღწია პატრიარქის საერთაშორისო ავტორიტეტისა და ხელშეწყობის წყალობით“, - აღნიშნა ზვიადაძემ.

მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და განაცხადა, რომ ღმერთის მადლიერია, რომელმაც მას საპატიო მისია დააკისრა - ემსახუროს ქართულ ეკლესიას და ქართველ ხალხს.

მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ესაა მთავარი მიზანი და ამ ერთობაში ყოველთვის ჩვენი ერი მაძლევს ძალას“, - განაცხადა პატრიარქმა.

Honoris causa, რაც დანიურიდან ითარგმნება, როგორც „საპატიო“, არის მეცნიერებათა ან ფილოსოფიის, ხელოვნების, პედაგოგიკის, ღვთისმსახურებისა და ა.შ. დოქტორის ხარისხი დისერტაციის დაცვის გარეშე. ის ენიჭება განსაკუთრებული დამსახურებისთვის მეცნიერების ან კულტურის სფეროში.

ხარისხის მინიჭების პრაქტიკა შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. უნივერსიტეტებმა ხარისხის მინიჭება პატივისცემის ნიშნად დაიწყეს. ეს ხარისხი ენიჭებათ არა გარკვეული სამეცნიერო კვლევისა თუ აღმოჩენისთვის, არამედ დამსახურებათა ერთობლიობისთვის.