აქტუალური
„რუსეთის ხელი“! – ანტიქართული ენჯეოები საქართველოსთვის ტერიტორიების შესაძლო დაბრუნებამაც კი აღაშფოთა

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. 15 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ „აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სავარაუდო გადაცემის“ საქმის გამოძიება და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის ორი წევრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ივერი მელაშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ნატალია ილიჩოვას დაკავება „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

არასამთავრობოების შეფასებით, აღნიშნულზე რამდენიმე მიზეზი მიუთითებს, რომელთა შორისაა – გამოძიების დაწყების დრო არჩევნებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, ქართული ოცნების გამოხმაურება ამ საქმეზე და გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომები.

მათივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს თემა „უკიდურესად სენსიტიურია“, მსგავსი საკითხების წინასაარჩევნო პერიოდში წამოწევა, შესაძლებელია, ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ იყოს მიმართული.

უფლებადამცველების განცხადებით, მმართველი პარტია მსგავს ქმედებებს წინასაარჩევნო პერიოდში ადრეც ხშირად მიმართავდა და ამის მაგალითად ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებას ასახელებენ.

არასამთავრობოების თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერებმა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, „პოლიტიზებული და პოპულისტური“ განცხადებები გააკეთეს და ეს იმ დროს, როდესაც დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არც კი ჰქონდათ.

მათივე შეფასებით, პროკურატურამ გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომა გამოიყენა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც კომისიის საქმიანობის 2005 – 2007 წლების პერიოდს შეეხება, გამოძიებამ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, არც კი დაკითხა. ერთობლივ განცხადებაში ივერი მელაშვილზე დაყრდნობით, ასევე ნათქვამია, რომ იმ დროს საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარე სწორედ ზურაბიშვილის მოადგილე იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ხაზს უსვამენ, რომ გამოძიება მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების ფონზე მიმდინარეობს და დასძენენ, რომ „რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის კერების გაღვივება, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა. მედიის ინფორმაციით, ეს დოკუმენტები მან რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

მათივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ გამოძიების დაწყებას წინ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის მიერ 11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადება უძღოდა, რითაც ის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა.