აქტუალური
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა ხუთი პროცენტით გაიზრდება

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკური ზრდის ახალ პროგნოზებს აქვეყნებს. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს ხუთი პროცენტით შემცირდება. 2021 წელს კი ფონდი ეკონომიკური ზრდის ხუთპროცენტიან მაჩვენებელს პროგნოზირებს.

სავალუტო ფონდის პროგნოზს ემთხვევა მთავრობის მიერ განსაზღვრული ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის ხუთპროცენტიან ზრდაზე დაიგეგმა.

რაც შეხება რეგიონის ქვეყნებს, ფონდის პროგნოზით, 2020 წელს აზერბაიჯანში ეკონომიკა ოთხი პროცენტით შემცირდება, სომხეთში – 4,5 პროცენტით, რუსეთში – 4,1 პროცენტით, თურქეთში – ხუთი პროცენტით.

2021 წელს კი ეკონომიკა აზერბაიჯანში ორი პროცენტით, სომხეთში – 3,5 პროცენტით, რუსეთში 2,8 პროცენტით, ხოლო თურქეთში – ხუთი პროცენტით გაიზრდება.

სავალუტო ფონდი ევროკავშირის ქვეყნებში წელს ეკონომიკის 7,2-პროცენტიან ვარდნას ვარაუდობს, 2021 წელს კი ეკონომიკის აღდგენის პროგნოზი – 4,7 პროცენტია.