აქტუალური
საქართველო ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ანგარიშში

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო „თავისუფალი“ ქვეყნების სიაში რჩება. საქართველოს ქულა გასულ წელთან შედარებით, ერთი პუნქტით გაიზარდა და 100-ქულიან სკალაზე 76-ს მიაღწია.

ანგარიშში, რომელიც 2019 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ „ციფრული თავისუფლება ზოგადად დაცულია საქართველოში“, თუმცა „საანგარიშო პერიოდში კიბერთავდასხმების რაოდენობის ზრდასთან და შინაარსით მანიპულირებასთან დაკავშირებული გამოწვევები გამოვლინდა“.

საქართველოში ტარდება რეგულარული და კონკურენტული არჩევნები და 2012-2013 წლებში, მთავრობის შეცვლის პერიოდში, ქვეყნის დემოკრატიულმა ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა. თუმცა, ბოლო წლებში, პროგრესი შეჩერდა“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, მართალია, „ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლები იზრდება, თუმცა ინტერნეტის ინფრასტრუქტურის გაფართოებისკენ მიმართული მთავრობის ძალისხმევა შეჩერებულია“.

ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიში 65 ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ყოვლისმომცველი კვლევაა, რომელიც მსოფლიოს ინტერნეტ-მომხმარებელთა 87%-ს მოიცავს. ის ინტერნეტის თავისუფლების გაუმჯობესებისა და გაუარესების ყოველწლიურ მაჩვენებლებს ასახავს. ქვეყნების რეიტინგი 100-ქულიანი სკალით განისაზღვრება, სადაც ყველაზე დაბალი ქულა ცუდ შედეგს, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა საუკეთესო მაჩვენებელს გულისხმობს.

სამი ნაწილისგან შემდგარი ანგარიში ინტერნეტთან წვდომის, შინაარსზე დაწესებული შეზღუდვებისა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კუთხით სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ასახავს.

ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა 25 ქულიდან კვლავ 19-ით არის შეფასებული. ანგარიში აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარკვეული ინფრასტრუქტურული დაბრკოლებებისა, ბოლო წლებში ინტერნეტზე წვდომა და მობილურიდან შესვლის მაჩვენებლები იზრდება, ხოლო ინტერნეტზე წვდომა ზოგადად ხელმისაწვდომია. თუმცა, „ბევრი მომხმარებელი ინტერნეტკავშირის ცუდ ხარისხს უჩიოდა, განსაკუთრებით კოვიდ-19 პანდემიის დროს“, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტკავშირის ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე რეგიონის სხვა ქვეყნების, მათ შორის, სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის მაჩვენებლებს ჩამორჩება“.

ანგარიში ასევე „სილქნეთთან“ და „მაგთიკომთან“ დაკავშირებულ წუხილებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ბაზრის სამ-მეოთხედს აკონტროლებენ და აღნიშნავს, რომ „ამგვარ კონცენტრაციას ფასწარმოქმნასა და მომსახურებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია“.

აღნიშნა რა, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიას არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირის გამო აკრიტიკებენ, Freedom House-მა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდის შემდეგ კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რითაც მას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.

საქართველოს მაჩვენებელი მოცემულ კატეგორიაში ერთი პუნქტით გაიზარდა და 35 ქულიდან 31 ქულა შეადგინა. ანგარიში აღნიშნავს, რომ პრობლემური რეგულაცია, რომელიც ინტერნეტში დაუშვებელ შინაარსს არეგულირებდა, საანგარიშო პერიოდში გაუქმდა, რითაც საქართველოს ონლაინგარემოზე არსებული მთავარი შეზღუდვა მოიხსნა“, თუმცა მეორე მხრივ, ადგილობრივი პოლიტიკური აქტორების მიერ სოციალური მედიის არაავთენტური ანგარიშების გამოყენების შესახებ გაჟღერებულმა ინფორმაციამ ამ გარემოს დაბინძურების შესახებ წუხილები გამოიწვია“.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ გამჭირვალობის შესახებ Facebook-ის, Google-ისა და Twitter-ის ბოლო ანგარიშების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას საანგარიშო პერიოდში რაიმე შინაარსის წაშლა არ უთხოვია.

ანგარიშში ასევე საუბარია 2020 წლის აპრილსა და 2019 წლის დეკემბერში, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო ქართულ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ანგარიშების, ჯგუფებისა და გვერდების გაუქმების, ასევე რუსული საინფორმაციო კამპანიების თაობაზე, რომლის სამიზნეც ქართული ონლაინაუდიტორიაა.

მთავრობა აგრძელებდა იმ ონლაინ მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ზოგიერთ მათგანს რუსეთის ხელისუფლებასთან აქვს კავშირი და ანტიევროპული და ანტიამერიკული დღის წესრიგის პროპაგანდას ეწევიან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამ კატეგორიაში საქართველოს ქულა 40-დან კვლავ 26-ია. ანგარიში აცხადებს, რომ მომხმარებელთა უფლებები საქართველოში კარგადაა დაცული და აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში, ონლაინ აქტივობის გამო ნაკლებ სამართლებრივ დევნას ჰქონდა ადგილი. თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ქვეყანა რამდენიმე კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა“ და არსებობდა საფრთხე, რომ სადავო ცვლილებებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში არსებულ ორგანოს კიბერუსაფრთხოების სფეროში ფართო უფლებამოსილება მინიჭებოდა“.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვანი საკითხი კიბერთავდასხმები იყო. დოკუმენტი 2019 წლის ოქტომბრის კიბერთავდასხმას იხსენებს, რომელიც გამოძიების თანახმად, რუსეთის „გრუ“-მ განახორციელა. დოკუმენტში „ტელეკომპანია პირველზე“ 2019 წლის აგვისტოში განხორციელებულ კიბერთშეტევაზეც არის საუბარი.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტსივრცეში აზრებს თავისუფლად გამოხატავენ.

დოკუმენტის მიხედვითვე, საქართველოში ციფრული უფლებები „საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოში დაცულია“, თუმცა ორგანიზაცია სასამართლო სისტემის „შეზღუდული დამოუკიდებლობის“ გამო წუხილს გამოთქვამს.