უცხოეთი
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. მიუხედავად იმისა, რომ 26 ოქტომბრის 08.00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიღწეული შეთანხმება კვლავ უხეშად დაარღვიეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და ქალაქ ტარტარისა და რეგიონის სოფლების საარტილერიო დაბომბვა დაიწყეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც და აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს.

„აზერბაიჯანულმა მხარემ, მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით დაახლოებით 8:45 საათზე საარტილერიო ცეცხლი გახსნა,“- წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ზავი დღეს დილის 8:00 საათიდან ამოქმედდა.

interpressnews.ge