პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „სააკაშვილი ზნედაცემული პოლიტიკოსია, ოქრუაშვილი – უღირსი და მხდალი“

misha-oqruashviliბოლო დროს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას მისამართით როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე ბრალდება და შეურაცხმყოფელი განცხადება გაისმა. 9 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, ირაკლი ალასანიამ ბრიტანეთში, „Chatham House“-ში, სიტყვით გამოსვლისას „სტრატეგიულად უმნიშვნელო საქართველოს“ მიმართ დიდი ინტერესის გამო გაოცება გამოხატა. სიუჟეტს იმავე დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ქვეყნის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა და მკაცრად გააკრიტიკა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ალასანიას კრიტიკით გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გამოვიდა. ალასანია ერთადერთი ქალწული იყო ქართულ პოლიტიკაში, უდავოდ დიდი მოლოდინითა და მხარდაჭერის იმხელა რესურსით, რომელსაც მეც კი ვინატრებდ 2007 წელს, მაგრამ ისე სწრაფად და იაფად დააკარგვინა მიშამ უბიწოება, მგონი, თვითონაც ვერ მიხვდა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

სააკაშვილისა და ოქრუაშვილის კრიტიკას ალასანია 18 აპრილის ბრიფინგზე გამოეხმაურა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილს ზნედაცემულ პოლიტიკოსს უწოდებს, რომელმაც, მისივე თქმით, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური სახეც დაკარგა. ეს არის ზნედაცემული, უსუსური პოლიტიკოსის ტყუილი იმისთვის, რომ დარტყმა მიაყენოს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, მაგრამ გარანტია მინდა, მოგცეთ, რომ ამ ბრძოლაში ის უკვე დამარცხებულია. მისი პრობლემა ის არის, რომ ეშინია მომავლის, რადგან მომავლის პოლიტიკაში სააკაშვილის ადგილი არ არის“, – განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება ოქრუაშვილის კრიტიკას, ალასანია მას უღირსსა და მხდალს უწოდებს და საჯაროდ პასუხის გაცემის ღირსად არ მიიჩნევს. როდესაც ოქრუაშვილს პირისპირ შევხვდები, პასუხს მაშინ გავცემ“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ალასანიამ.