რედაქტორისგან
საქართველოს ხელისუფლების მორიგი ანტისემიტური გამოხტომა

EBRAELEBIროგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში საქართველო-ისრაელის ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბა. ალბათ, ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს გაღიზიანება შეიარაღების მიყიდვაზე ისრაელის უარმა გამოიწვია, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი მოჰყვა – ქართველმა სამართალდამცველებმა გასული წლის ოქტომბერში ებრაელი ბიზნესმენები – რონი ფუქსი და ზეევ ფრენკიელი – სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დააკავეს. მართალია, ბიზნესმენებს საქართველოსთვის 100 მლნ მართლაც მართებდათ, თუმცა საქმე მხოლოდ მას შემდეგ გაიჩარხა, რაც საქართველომ ისრაელისგან სამხედრო თანამშრომლობაზე უარი მიიღო. ამბობენ, რომ ისრაელის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას არაერთხელ დაურეკა და ბიზნესმენების გათავისუფლება სთხოვა, თუმცა ფუქსი და ფრენკიელი დღემდე პატიმრობაში იმყოფებიან.

ქართული მხარის ამ ქმედებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სერიოზული დაძაბვა მოჰყვა. მართალია, ოფიციალური პირები უარყოფენ, თუმცა ბიზნესმენების დაჭერის შემდეგ მსოფლიო პრესა იმაზე ალაპარაკდა, რომ ისრაელში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ხილვა არ სურთ. ისრაელი სულ სხვა მიმართულებით გააქტიურდა – გასულ კვირას ებრაული დელეგაცია აფხაზეთს ეწვია, სადაც არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, აფხაზეთსა და ისრაელს შორის სერიოზული ეკონომიკური კავშირების დამყარებაზე დაიწყო საუბარი. გარდა ამისა, აფხაზეთის ხელისუფლებამ ებრაული მხარის მიწვევაც მიიღო. გეგმები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ამბობენ, ამ ვიზიტმა შესაძლოა, აფხაზეთისთვის ახალ ერასაც კი დაუდოს დასაბამი.

როგორც ჩანს, ამ მოვლენას საქართველომ ძალზე მტკივნეული ნაბიჯით უპასუხა – საქართველოს ხელისუფლებამ ისრაელს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ შეჯიბრის მეშვეობით უპასუხა, რაც საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდა. კერძოდ, მიმდინარე წლის 2 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასული შეჯიბრების მონაწილე სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა „კოზანოსტრამ“ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე – რა იყო ადოლფ ჰიტლერის ყველაზე დიდი ღირსება, უპასუხა, რომ მისი მთავარი ღირსება იყო „უფასო გაზი ყველა ებრაელის ოჯახში“.

პასუხს დარბაზი ოვაციით შეეგება. ჟიურის არცერთმა წევრმა, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა კითხვასა და გუნდის პასუხთან დაკავშირებით არათუ პროტესტი გამოხატა, არამედ გუნდს უმაღლესი შეფასებაც კი მისცა.

აღნიშნულ ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა სახალხო დამცველმა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ეს ებრაელი ხალხის ღირსებისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის შეურაცხმყოფელ და ანტისემიტურ გამონათქვამს წარმოადგენს. ამგვარი გამონათქვამები კი, თუნდაც, იუმორისტულ კონტექსტში, საჭიროებს მკაცრ შეფასებასა და დაგმობას“.

თვით ეს ფაქტი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ქართულმა მხარემ არა პირდაპირ, მაგრამ ირიბი გზით კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ებრაულ მხარეს და ბზარი, რომელიც 26-საუკუნოვან მეგობრობას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ გაუჩნდა, კიდევ უფრო გაღრმავდა. გაუგებარია, რის მიღწევას ცდილობს სააკაშვილის ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით, რომელსაც პირდაპირ მივყავართ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტამდე, რაც პირველი პრეცედენტი ნამდვილად არაა და საკითხავია ისიც, კიდევ რომელ და რამდენ ქვეყანასთან ჩატყდება „მეგობრობისა და პარტნიორობის ხიდი“ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში?!