სამართალი
სუსის ცნობით, ცხინვალის „საოკუპაციო რეჟიმმა“ საქართველოს მოქალაქე დააკავა

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის „საოკუპაციო რეჟიმმა“ 20 ნოემბერს „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავა საქართველოს მოქალაქე“.

სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აცხადებენ სუს-ში.