პოლიტიკა
კახა კალაძე - ხელისუფლებაც და ოპოზიციის წარმომადგენლებიც აცნობიერებენ, რომ შეთანხება აუცილებელია

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. მომდევნო დღეების განმავლობაში ცხადი იქნება, როდის გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია, მოხდეს შეთანხება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი ქვეყანა და სახელმწიფოებრიობაა.

„ვფიქრობ, ოპონენტების ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს ასე, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვისმენთ გარკვეულ განცხადებებს, თუმცა ყველაფერი გაირკვევა, როცა შეხვედრა შედგება. მოლაპარაკებებში ჩართული არიან ფასილიტარორი ელჩები, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი მეგობარი ელჩების ჩართულობა არ სჭირდებოდეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკის კეთებას, შეგვეძლოს მათ გარეშე ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ეტყობა ჯერ არ ვართ მზად ამისთვის. ამას გარკვეული დრო სჭირდება და დარწმუნებული ვარ აქამდეც მივალთ“, – განაცხადა კალაძემ.