პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.

შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს.

კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პროცედურის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

ამასთან, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.