პუბლიკაციები
პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტებია გაწერილი

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი.

რეზოლუციას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტი

ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით;

ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;

ხელმძღვანელობს რა საქართველოს მოქალაქეების მიერ საგარეო- პოლიტიკური კურსის შესახებ გამოხატული ურყევი ნებით, ისტორიული არჩევანით, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში;

ითვალისწინებს რა ერთხმად მიღებულ „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტისა და „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებში ასახულ ძირითად მიდგომებს;

ადასტურებს რა, რომ დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ქვეყნის უმთავრესი მიზანი;

მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;

ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა;

აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს და ეწინააღმდეგება რა მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას;

აღიარებს რა დემოკრატიას, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლურ ღირებულებებად,

აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს:

1. საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნება.

2. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დროულ და ქმედით განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირთან თანამიმდევრულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებას, რათა 2024 წელს ქვეყანამ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ხელისუფლების მნიშვნელოვანი ამოცანაა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის შიდა ბაზართან ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარება და ევროკავშირთან საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნა, რაც ევროკავშირში სრული ინტეგრაციის საფუძველია. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ასევე მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეუფერხებელი მოქმედება და ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობა, აგრეთვე ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში კავშირების გაღრმავება. ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნისთვის, ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების გარდა, საქართველო აქტიურად გამოიყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატივას, ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ახალი ფორმატების ჩამოყალიბებას.

3. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრება. ტრანსატლანტიკური ერთობა მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი პირობაა. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ალიანსის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკურ დიალოგს, გამოიყენებს ნატოში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტსა და ინსტიტუციურ მექანიზმს, განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და სრულყოფს ნატოსთან თავსებადობას, რათა უზრუნველყოს ნატოს წევრობისთვის სტრატეგიული მზადყოფნა, ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

4. საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. განსაკუთრებული პრიორიტეტია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არეალში აშშ-ის ჩართულობის გაზრდის მიზნით, თავდაცვისა და უსაფრთხოების, საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი ურთიერთობის სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცება, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და ამ გზით საქართველოში ამერიკული ინვესტიციების გაზრდა.

5. საქართველო, როგორც ევროპული დემოკრატია, განამტკიცებს მეგობარ ევროპულ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან − გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთის რესპუბლიკასთან, ბალტიისა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებთან − პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სექტორული მიმართულებებით ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას და ევროპის უსაფრთხოებისთვის ზრუნვას.

6. ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის გატარებით საქართველო მიისწრაფვის შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ. საქართველოსთვის პრიორიტეტულია აზერბაიჯანის და თურქეთისა რესპუბლიკებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და სომხეთის რესპუბლიკასთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება, აგრეთვე ბულგარეთის რესპუბლიკასთან, რუმინეთთან, და უკრაინასთან ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება.

7. საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაციის დასრულება, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება, სახელმწიფო ინტერესებსა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებზე დაყრდნობით. საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებითა და ჩართულობით საქართველო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას, რათა მოხდეს რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება და მათი თავიდან აცილება.

8. საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფოთაშორის დავებზე აქტიურ მუშაობას საბოლოო წარმატების მისაღწევად, მათ შორის, მიღებული გადაწყვეტილებების რუსეთის ფედერაციის მიერ ეფექტიანად აღსრულების ნაწილში. ამ დავების წარმატებით დასრულება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა და ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ევროპული წესრიგის კონსოლიდაციას ემსახურება. ამასთანავე, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარ სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

9. საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ისრაელის სახელმწიფოსთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, იაპონიასთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთის რესპუბლიკასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეო-ეკონომიკური, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. ასევე ყურადღება დაეთმობა სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და ოკეანეთის რეგიონის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის განვითარებას.

10. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში ურთიერთობების განვითარებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

11. საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყნის, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რეგიონალური კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, ციფრული და ლოჯისტიკური მიმართულებებით. ამ ფუნქციის სრულფასოვნად რეალიზაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შიდაპოლიტიკური და საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციას.

12. საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობით აღსავსე წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშეწყობას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით, აგრეთვე საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობს მდგრადი განვითარების გეგმების შესრულებას და გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიასთან, ბრძოლას.

13. საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებისთვის საქართველო წაახალისებს ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლისა და კავშირების განვითარებას. ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საუკეთესო კუთხით წარმოჩენას.

14. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებას და მისი კულტურული და საგანმანათლებლო კერების ხელშეწყობას.

15. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამონაწილეობას.

16. საქართველოს პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და წარმართვაში პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულებებისა და პრინციპების შემუშავებით, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებითა და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გააქტიურებით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.