პუბლიკაციები
ესენინი საქართველოში: „მე თქვენი ჩრდილოელი მეგობარი და ძმა ვარ!“ (ნაწილი პირველი)

es2"Через Грузию неизбежно проходят в сердечном плане русские поэты"

Н. Тихонов

სერგეი ესენინი საქართველოში რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა, წინდაწინ განსაზღვრული იყო მისი სურვილითაც – კავკასია ენახა, და თავად ბედისწერითაც. სამიკიტნოს ბოჰემის მორევიდან თავის დაღწევა სურდა, რადგან მობეზრდა და მუშაობაშიც ხელს უშლიდა, თანაც სწამდა, რომ იდუმალი კავკასია შემოქმედებით აღმაფრენას მოუტანდა.

„ოდითგან ჩვენი რუსული პარნასი ელტვოდა უცხო ქვეყნებს, და ყველაზე მეტად მხოლოდ შენ, კავკასიავ, იდუმალების ჯანღი გმოსავდა“, – წერდა პოეტი.

ამასთან, ბედმაც ოკეანის მიღმა გადატყორცნა – ამერიკაში, სადაც თავს ერთობ უცხოდ გრძნობდა. ჯერ ერთი, რომ ენობრივი ბარიერი უშლიდა ხელს – ინგლისური არ იცოდა, მეორეც, შელახული თავმოყვარეობა აწამებდა: აქ ხომ არავინ უწყოდა, სახელგანთქმული პოეტი რომ იყო. ესენინი თავს აისიდორა დუნკანის „დამატებად“ გრძნობდა და არც შეეძლო და არც სურდა მისი დიდების სხივებქვეშ ყოფნა. ერთხელ აისიდორამ „მხედრით სვლა“ გააკეთა. მორიგი ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ ესენინი სცენაზე გაიყვანა და ზარ-ზეიმით წარუდგინა პუბლიკას: „ჩემი მეუღლე სერგეი ესენინი, სახელგანთქმული რუსი პოეტი“. ის კი დაბნეული იდგა, ძალად იღიმოდა და დროდადრო თავს უკრავდა...

ასე რომ, მალე დატოვა კიდეც იქაურობა, თუმცა მანამდე მეგობარს წერილობით შესჩივლა, რომ ამერიკა ნაგავია. ბაქოში ჩავიდა ქალაქის გასაცნობად, ხმაურს რომ გასცლოდა და ეწერა, ეწერა, ეწერა... ბედი აქაც კვალდაკვალ დაედევნა და გეგმები შეუცვალა იმით, რომ გე-პე-უს თანამშრომელ ბლუმკინთან შეხვედრა მოუწყო. იმ ბლუმკინთან, რომელსაც, ერთი ვერსიით, პოეტის დაღუპვაში ადანაშაულებდნენ. მასთან რესტორანში ჩხუბმა ესენინს ტფილისში გაქცევა აიძულა. ტფილისში კი მას დიდი ხანია, ელოდნენ და შესახვედრადაც მზად იყვნენ. ქართველმა პოეტებმა ესენინის ლექსები ზეპირად იცოდნენ, მათ ციტირებას ახდენდნენ მწერალთა შეკრებებზე, ლიტერატურულ შეხვედრებზე, დისპუტებზე...

...და აი, 1924 წლის სექტემბრის ცხელ დღეს ბაქოს მატარებელმა სერგეი ესენინი თბილისში ჩამოიყვანა. მოძმე მოკალმეთა დახვედრის საქმეში „კომიტეტის“ უცვლელი წევრები, ტიციან ტაბიძის ხელმძღვანელობით, ვაგზალზე დახვდნენ. პირველივე წუთებში მასა და ესენინს შორის სიმპათია გაღვივდა, რომელიც მოკლე ხანში ნამდვილ მეგობრობაში გადაიზარდა. როგორც შემდეგ ტიციან ტაბიძე იხსენებდა, ის და შალვა აფხაიძე ესენინის პირველი ქართველი მსმენელები იყვნენ, რომელმაც მაშინვე წაუკითხა მცირე ხნის წინათ დაწერილი „სამშობლოში დაბრუნება“.

„სულიერი კონტაქტი წამიერად დამყარდა და გაქრა ყველა ბარიერი. მეგობრობამ ცეცხლის ალივით იფეთქა, მაგრამ არა იმისათვის, რომ მყისვე ჩამქრალიყო, არამედ სულ უფრო ძალუმად რომ აგიზგიზებულიყო. ის ძალიან ცუდად იცნობდა საქართველოს აქ ჩამოსვლამდე, თუმცა ამ სტუმართმოყვარე ხალხის, პოეტური წრისა და მხარის შესწავლისა და შეცნობის წყურვილი უფრო გაუმძაფრდა“, – წერდა თავის დროზე პოეტი სიმონ ჩიქოვანი.

...გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ თანამშრომელი ნიკოლაი ვერჟბიცკი რედაქციის შენობიდან გავიდა და პირველი, რაც დაინახა – დიდი სამგლოვიარო პროცესია იყო. კუბოს წინ მედუდუკეები მიუძღოდნენ. სევდიანი მელოდიები მთელ რუსთაველის პროსპექტს ეფინებოდა. და უცებ კუბოს უკან მიმავალ ხალხში ტკივილამდე ნაცნობი ქერათმიანი მამაკაცი შენიშნა. დაეწია და მიხვდა, რომ არ შემცდარა: ეს თავად სერგეი ესენინი იყო! „ვინ უნდა მიაბარო მიწას?“ – დაინტერესდა ვერჟბიცკი. მან შემცბარმა აიჩეჩა მხრები და აღიარა, რომ კუბოს კი არა, მომაჯადოებელ მუსიკას მიჰყვებოდა.

მას საათობით შეეძლო ესმინა მესტვირეებისათვის, ქართული სიმღერები, განსაკუთრებით, „ურმული“ ხიბლავდა. მოსწონდა მარდი, უდარდელი მეეტლეები, სტვენითა და შეძახილებით რომ დაქროდნენ ქვაფენილიან ქუჩებში – რომელ რუსს არ უყვარს ქროლვა? დაუღალავად დაიარებოდა ქალაქში, იოლად და უშუალოდ გააბამდა საუბარს გამვლელებთან, ათას რამეს ეკითებოდა. ისინიც გულღიად ხვდებოდნენ, ხალისიანად პასუხობდნენ , თავისიანად მიიჩნევდნენ თბილისის დუქნებში, ღვინის მარნებში. ქართველი პოეტები ძმას ეძახდნენ. ისიც ძმებად მიიჩნევდა. „მე თქვენი ჩრდილოელი ძმა და მეგობარი ვარ!“ – ირწმუნებოდა ესენინი თავის ერთ პოეტურ შედევრში, რომელსაც კოლექტიური ადრესატი ჰყავდა – საქართველოს პოეტები.

საქართველომ გააოცა პოეტი არა მარტო სიახლითა და ეგზოტიკით, არამედ, უწინარესად, თავისი აურით, სითბოთი, რომლითაც ხალხი და ბუნება ასაჩუქრებდა (უთოვლო თბილისურმა ზამთარმა მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გამუდმებით ამას ჰყვებოდა რუსეთში), პოეზიის განსაკუთრებული რომანტიზმით.

ინტერესი მისი შემოქმედებისადმი გულწრფელი იყო. ესენინის პოეზიის საღამოებზე უზარმაზარი აუდიტორია იკრიბებოდა. თუმცა, ის საღამო, ესენინმა დანამდვილებით იცოდა, ჩაიშლებოდა. იმ დღეს „ქართველ ბულბულს“ – ვანო სარაჯიშვილს კრძალავდნენ. საქართველო თალხით შეიმოსა. უნდა გენახათ პოეტის გაოცება, ხალხით სავსე დარბაზი რომ იხილა!

„საზოგადოებამ აღფრთოვანებით მიიღო საყვარელი პოეტი. ესენინი ბრწყინვალედ კითხულობდა. ამ დღის ძაძებიანმა შუადღემ და პოეტურმა საღამომ თბილისელთა ცნობიერებაში ხანგრძლივად გააერთიანა ორი თვითნაბადი ტალანტი – სერგეი ესენინი და ვანო სარაჯიშვილი“, – იხსენებდა გოგლა ლეონიძე.

თბილისში ჩამოსული სერგეი ესენინი თავდაპირველადსასტუმრო „ორიანტში“ დაბინავდა, მაგრამ იქ ძვირიანი ნომრები იყო და მისი ჯიბე ამას ვერ სწვდებოდა. ამიტომ რამდენიმე დღე ტიციან ტაბიძის ოჯახში სტუმრობამ მოუწია (სხვათაშორის, ტიციანის სამი წლის გოგონამ – ტანიტმა, რომელმაც პირველად დაინახა ბიძიას თითქოსდა ოქროსმტვერშეფრქვეული თმა, წამოიძახა: „ოქროს ფული!“ ეს მეტსახელი, რომელიც ყველას მოეწონა, პოეტს დიდხანს შერჩა). შემდგომ ის თავის მეგობარ ნიკოლაი ვერჟბიცკისთან გადასახლდა კოჯრის ქუჩის 15 ნომერში – დაუსრულებელი სტუმრიანობისგან, ქალაქის ხმაურისა და ალიაქოთისგან მოშორებით. მუშაობა სურდა!

ჩანაფიქრი კი ესენინს ბევრი ჰქონდა – მასშტაბურიცა და საინტერესოც. შეიარაღებულმა თეზისით – „სხვადასხვა ხალხების გამაერთიანებლად“ ქცეულიყო, მტკიცედ გადაწყვიტა, რუსებისთვის ქართული პოეზია გაეცნო. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების გადათარგმნას აპირებდა. ტიციანი უკითხავდა ვაჟას და იქვე ბწკარედულად უთარგმნიდა. „ესენინი შფოთავდა: ღელავდა, ადგილს ვერ პოულობდა... ცხოველებისა და ბუნებისადმი მიდგომაში ვაჟასა და თავისი მსგავსების მოხარული იყო. „აი სად ეძინა ჯიქს! – წამოიძახა მან, – ეს უნდა ვთარგმნო!“ – დაიფიცა ესენინმა. კიდევ რომ ეცოცხლა, ვაჟა-ფშაველას ესენინისეული თარგმანები გვექნებოდა...“ – ჰყვებოდა გოგლა ლეონიძე.

ვერ მოასწრო, ვერ იცოცხლა იქამდე... ვერ იქცა, საკუთარივე დაპირებისამებრ, „თქვენს მთარგმნელად რუსეთში“, გატეხა ფიცი – თავის ქვეყანაში სასიკვდილო სარეცელზე ლექსებით გამოთხოვებოდა საქართველოს...

და მაინც ბევრი მოასწრო. თბილისური შემოდგომა, როგორც პუშკინისთვის ბოლდინისა, ესენინისთვის ერთობ ნაყოფიერი გამოდგა. მისი ბოლოდროინდელი ლექსების თითქმის მესამედი აქ დაწერა. „ზედმიწევნით კარგად ვმუშაობ და ვწერ. გაზაფხულამდე შეიძლება არც ჩამოვიდე!“ ეს სტრიქონები 1924 წლის 17 დეკემბერს რუსეთში გაგზავნილი წერილიდანაა... კიდევ სამი დღის შემდეგ: „ცხოვრებაში ასე ბევრი და ასე იოლად ძალზე იშვიათად გეწერინება“. სადღაც გაქრა ის დათრგუნულობა და კაეშანი, რომლითაც გამსჭვალული იყო უცხოეთიდან სამშობლოში გაგზავნილი ბარათები! საქართველოში გატარებული დრო, თავად სერგეი ესენინის აღიარებით, მის ცხოვრებაში საუკეთესო გახლდათ. ახალი შემართება ეწვია.

თითქმის ყველა ნაწარმოები, რომლებიც პოეტმა თბილისურ შემოდგომაზე შექმნა, პოემების ჩათვლით, გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ ფურცლებზე გამოქვეყნდა, რომელთანაც ესენინს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებდა...

 

ყველა გზა „ზარია ვოსტოკას“ რედაქციაში მიდის

„ზარია ვოსტოკას“ რედაქცია სერგეი ესენინისთვის თავისებურ შტაბბინად იქცა. ყველას შეუყვარდა იგი უბრალოების, მშვიდი მხიარულებისა და ჭკუამახვილობისთვის.

აქ მოდიოდა, რადგან მეგობრები ელოდნენ, გარს ეხვია ადგილობრივ ჟურნალისტთა ამქარი: ვირაფიანი, ვერჟბიცკი, სტორი, ლიფშიცი... და თანაც, გაზეთიცა და გამომცემლობაც პოეტს მისი ფინანსური კრიზისების პერიოდებში ხელს უმართავდა: ავანსსა და კრედიტს მისთვის არასდროს იშურებდნენ. „ზარიაში“ გამოქვეყნებულ ლექსებში აღებული ჰონორარის დიდ ნაწილს ესენინი თავის დებს – კატიასა და შურას უგზავნიდა.

ერთხელ ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი ესენინის ძილში ქვითინმა გამოაღვიძა. გამოაფხიზლეს. ცუდი სიზმარი ხომ არ გეზმანაო, – ჰკითხეს პოეტს. ცრემლებით ლოყებდამბალმა ესენინმა უპასუხა, რომ მართლაც საშინელი სიზმარი ნახა:

უიმისოდ, ერთადერთი გამომკვებლის გარეშე, დარჩენილი დები ხელებს უწვდიდნენ და დახმარებას ევედრებოდნენ.

– ფულს დღესვე გიშოვით! – წამოიძახა პაოლომ და მალე სამივე, გზად „მუკუზანით“ შეზარხოშებულნი, „ზარია ვოსტოკას“ დასალაშქრად გაეშურნენ. ლიფშიცისა და ვირაფიანის კაბინეტებში სერგეი ნაღვლიანად დუმდა, ასე რომ, მრისხანე და დაჟინებულ მოლაპარაკებებს პაოლო აწარმოებდა. ესენინს მაშინვე დაუდეს ხელშეკრულება მისი ახალი ლექსების წიგნის გამოცემაზე და ავანსიც მიართვეს.

ესენინი სულითა და გულით მიეჯაჭვა რედაქციის თანამშრომლებს, მალე დაუმეგობრდა ყველა მუშას, განსაკუთრებით, ძველ მეტრანპაჟე ხატისოვს, რომელსაც ხუმრობით „მამილოსაც“ ეძახდა.

ერთხელ, იხსენებს ნიკოლაი ვერჟბიცკი, „ზარია ვოსტოკას“ სტამბის ამწყობები და მბეჭდავები თავიანთი მეგობრის ბინაში საღამოს მართავდნენ და სთხოვეს, „სიროჟაც“ მოიყვანეო.

პოეტი თავს ჩინებულად გრძნობდა ამ კომპანიაში, ლექსებს წერდა, „კინტაურს“ ცეკვავდა, „მრავალჟამიერს“ ბანს აძლევდა...

რედაქციის თანამშრომლებს ესენინმა საოხუნჯო ლექსიც მიუძღვნა „ზარია ვოსტოკა“, სადაც ასეთი სტრიქონებია:

 

«Ирония! Вези меня! Вези!

Рязанским мужиком прищуривая око,

Куда ни заверни - все сходятся стези

В редакции «Зари Востока».

Приятно видеть вас, товарищ Лившиц,

Как в озеро, смотреть вам в добрые глаза,

Но, в гранки мокрые вцепившись,

Засекретарился у вас Кара-Мурза.

И Ахобадзе...! Други, будьте глухи,

Не приходите в трепет, ни в восторг,-

Финансовый маэстро Лопатухин

Пускается со мной за строчки в торг.

Поэт! Поэт!

Нужны нам деньги. Да!

То туфли лопнули, то истрепалась шляпа,

Хотя б за книжку тысчу дал Вирап,

Но разве тысячу сдерешь с Вирапа.

Вержбицкий Коля!

Тоже друг хороший,-

Отдашь стихи, а он их в самый зад,

Под объявления, где тресты да галоши,

Как будто я галошам друг и брат.

Дождусь ли дня и радостного срока,

Поправятся ль мои печальные дела?

Ты восхитительна, «Заря Востока»,

Но «Западной» ты лучше бы была».

 

გაზეთში ესენინი ძალიან უყვარდათ და აფასებდნენ. „ზარია ვოსტოკას“ ლიტერატურული ჩანართის რედაქტორობასაც აპირებდა.

როდესაც ესენინი გარდაიცვალა, გაზეთმა „ზარია ვოსტოკამ“ თავის სამგლოვიარო განცხადებაში პოეტს თავისი „თანამშრომელი და ამხანაგი“ უწოდა.

 

ელენე ჩაჩუა

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“