უცხოეთი
დონალდ ტრამპის განცხადებით, 20 იანვარს ძალაუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის განცხადებით, 20 იანვარს ძალაუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას მისი სოციალური მედიის თანაშემწე დან სკავინო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები ჩემ განცხადებას ამტიკიცებს, ამის მიუხედავად, 20 იანვარს ორგანიზებული გადასვლა მოხდება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მხოლოდ კანონიერი ხმების დათვლა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საპრეზიდენტო ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასრულება, ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლის დასაწყისია იმისათვის, რომ ამერიკა ისევ დიდი გახდეს“, – წერს დონალდ ტრამპის თანაშემწე.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა, 7 იანვარს, ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა. ასევე, კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. 47 მათგანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო იქნა დაპატიმრებული. დაკავებულთა შორის რამდენიმეს ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება.

1tv.ge