საზოგადოება
მსოფლიო ბანკი - გლობალური ეკონომიკური ზრდა 2021 წელს ოთხი პროცენტი იქნება

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის თანახმად, 2021 წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის ოთხი პროცენტით ზრდა, იმ დაშვების საფუძველზე, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება წლის განმავლობაში. თუმცა, აღდგენის პროცესი სავარაუდოდ შენელებული იქნება, თუ პოლიტიკის შემმუშავებლები არ მიიღებენ გაცილებით უფრო გადამწყვეტ ზომებს პანდემიის წინააღმდეგ და არ განახორციელებენ რეფორმებს ინვესტიციების გასაზრდელად, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკაში 2020 წლის 4.3-პროცენტიანი ვარდნის შემდეგ ზრდა აღინიშნება, პანდემიის გამო უამრავი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა, მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდა, ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა და შემოსავლები გახანგრძლივებული პერიოდით შემცირდა. ახლო მომავლისთვის დარგობრივი პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტებია „კოვიდ-19“-ის გავრცელების კონტროლი და ვაქცინის ფართომასშტაბიანი სწრაფი გამოყენების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ორგანოებმა, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ასევე უნდა შეუწყონ ხელი რეინვესტირების ციკლს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო ვალზე ნაკლებად დამოკიდებული მდგრადი ეკონომიკური ზრდისკენ.

„მაშინ როცა გლობალური ეკონომიკა როგორც ჩანს სუსტი აღდგენის ფაზაში შევიდა, პოლიტიკის შემმუშავებლები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვალის მართვის, საბიუჯეტო პოლიტიკის, ცენტრალური საბანკო საქმიანობისა და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, რამდენადაც ისინი ცდილობენ ჯერ კიდევ მყიფე გლობალური აღდგენის პროცესის გაძლიერების და მტკიცე ეკონომიკური ზრდისთვის მყარი საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფას,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

მისივე თქმით, „პანდემიის ზემოქმედების დაძლევისა და ინვესტიციების ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავების მიზნით, საჭიროა აქტიური მოქმედება ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, შრომითი და პროდუქციის ბაზრების მოქნილობის გასაზრდელად და გამჭვირვალობისა და მმართველობის გასაძლიერებლად“.

შეფასების მიხედვით, 2020 წელს გლობალური ეკონომიკური საქმიანობის ვარდნა შედარებით ნაკლებად მწვავე იყო მანამდე მომზადებულ პროგნოზებთან შედარებით, ძირითადად მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში სუსტი ვარდნისა და ჩინეთში ეკონომიკის მტკიცე აღდგენის გამო. საპირისპიროდ, საქმიანობის შეწყვეტამ ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში მოსალოდნელზე გაცილებით მწვავე შედეგები გამოიღო.

„რამდენადაც ბევრ ქვეყანაში შოკმა გავლენა იქონია მოწყვლად შინამეურნეობებზე და კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, საჭიროა რეაგირება ფინანსური არასტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რეინჰარტმა.

როგორც ანგარიში მიუთითებს, ახლო მომავლის პერსპექტივა გაურკვეველი რჩება და კვლავ შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის განსხვავებული შედეგების მიღება. ზრდის ტემპების შემცირების სცენარს, რომელშიც ინფექციები გავრცელებას აგრძელებს და ვაქცინის გამოყენება გაჭიანურებულია, 2021 წელს გლობალური ზრდის 1.6 პროცენტით შემოფარგვლა შეუძლია, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, პანდემიის წარმატებული კონტროლით და ვაქცინაციის გაცილებით სწრაფი პროცესით, გლობალური ზრდა შეიძლება, დაახლოებით ხუთი პროცენტით დაჩქარდეს.

მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში დაწყებული ზრდა მესამე კვარტალში ინფექციის განახლების შემდეგ შეჩერდა, რაც ნელ და რთულ აღდგენაზე მიუთითებს. პროგნოზის მიხედვით, აშშ-ის მშპ 2021 წელს 3.5 პროცენტით გაიზრდება, 2020 წელს 3.6 პროცენტით ვარდნის შემდეგ. წელს სავარაუდოდ ევროს ზონაში წარმოებული პროდუქციის მოცულობა 3.6 პროცენტით მოიმატებს, 2020 წელს 7.4 პროცენტით შემცირების შემდეგ, ხოლო იაპონიაში 2021 წელს ნავარაუდევია ეკონომიკის 2.5 პროცენტით ზრდა, გასულ წელს 5.3 პროცენტით ვარდნის შემდეგ.

აგრეგატული მშპ ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, ჩინეთში, 2021 წელს სავარაუდოდ 5 პროცენტით გაიზრდება 2020 წლის 2.6-პროცენტიანი შემცირების შემდეგ. წელს მოსალოდნელია ჩინეთის ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 7.9 პროცენტით გასულ წელს დაფიქსირებული ორპროცენტიანი მატების შემდეგ. განვითარებად ქვეყნებში, ჩინეთის გარდა, 2021 წელს, პროგნოზის მიხედვით, ადგილი ექნება ზრდას 3.4 პროცენტით (2020 წელს ვარდნა ხუთი პროცენტი იყო). დაბალშემოსავლიან ქვეყნებს შორის, 2021 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური საქმიანობის ზრდა 3.3 პროცენტით 2020 წლის 0.9-პროცენტიანი კლების შემდეგ.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანალიტიკური თავები იკვლევს ,თუ როგორ გააძლიერა პანდემიამ ვალის დაგროვებასთან დაკავშირებული რისკები; როგორ შეუძლია, მას ეკონომიკური ზრდის შენელება გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში რეფორმების შეთანხმებული ძალისხმევის არარსებობის პირობებში; და რა რისკები უკავშირდება აქტივების შესყიდვის პროგრამებს, როგორც ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტს ფორმირებად ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში.

„პანდემიამ ძლიერ გაამწვავა რისკები ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში; სუსტი პერსპექტივები სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის ვალის ტვირთს და დაასუსტებს მსესხებლებს. გლობალურმა საზოგადოებამ სწრაფად და აქტიურად უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ ვალის ბოლოდროინდელი დაგროვება სავალო კრიზისით არ დასრულდეს. განვითარებადი სამყარო ვეღარ დაკარგავს კიდევ ერთ ათწლეულს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის თანასწორი ეკონომიკური ზრდისა და საფინანსო ინსტიტუტების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იჰან კოსემ.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციით, როგორც წარსული კრიზისები, პანდემიაც გრძელვადიან უარყოფით გავლენას იქონიებს გლობალურ აქტივობაზე. სავარაუდოდ ის მოწინავე ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყანაში შეანელებს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას არასაკმარისი ინვესტიციების, უმუშევრობისა და შრომითი რესურსების შემცირების გამო. ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გლობალური ეკონომიკა ზრდის თვალსაზრისით იმედგაცრუებების ათწლეულისკენ მიემართება თუ ადგილი არ ექნება პოლიტიკის შემმუშავებლების მიერ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას სამართლიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური მამოძრავებელი ფაქტორების გასაუმჯობესებლად.

„პოლიტიკის შემმუშავებლებმა უნდა გააგრძელონ ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა შემოსავლის მხარდაჭერიდან ეკონომიკური ზრდის გაძლიერების პოლიტიკაზე თანდათანობით გადასვლით. გრძელვადიან პერიოდში განვითარებად ქვეყნებში და ფორმირებად ბაზრებზე ჯანდაცვისა და განათლების სერვისების, ციფრული ინფრასტრუქტურის, კლიმატური პირობების ცვალებადობის მიმართ მდგრადობის და ბიზნესისა და მმართველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად შემუშავებული პოლიტიკა ხელს შეუწყობს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შერბილებას, შეამცირებს სიღარიბეს და აამაღლებს საერთო კეთილდღეობას. სუსტი ფისკალური პოზიციის და გაზრდილი ვალის კონტექსტში ინსტიტუციური რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანული ზრდის დასაჩქარებლად. წარსულში რეფორმების განხორციელების შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდის დივიდენდები აღიარებული იყო ინვესტორების მიერ ზრდის გრძელვადიანი მოლოდინების და გაზრდილი საინვესტიციო ნაკადების განახლებაში.

ცენტრალური ბანკები ფორმირების პროცესში მყოფ ზოგიერთ ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში აქტივების შესყიდვის პროგრამებს ბევრ შემთხვევაში პირველად იყენებენ პანდემიით გამოწვეული ფინანსური ბაზრის ზეწოლის საპასუხოდ. ბაზრის წარუმატებლობაზე ფოკუსირებისას ეს პროგრამები ხელს უწყობს საფინანსო ბაზრების სტაბილიზაციას კრიზისის საწყის ეტაპებზე. თუმცა, ქვეყნებში, სადაც აქტივების შესყიდვის პროგრამები ფართოვდება და მიიჩნევა ფისკალური დეფიციტის დაფინანსების საშუალებად, ამ პროგრამებმა შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ცენტრალური ბანკის ოპერაციულ დამოუკიდებლობას, წარმოქმნას ვალუტის სისუსტის რისკი და გააძლიეროს წუხილები ვალის მდგრადობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.