სამართალი
ჩოხატაურის მერი - სოფელ ბუკნარში მიმდინარეობს დიალოგი მუსლიმურ თემსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე სიტუაცია განმუხტულია.

„ვაგრძელებთ დიალოგს დაპირისპირება და რაიმე შეხლა-შემოხლა და მუშტი კრივი არ იყო. გუბერნატორი ესაუბრებოდა მოსახლეობას. სხვა რაიონებიდან ჩამოსული თანამოქალაქეები, მუსლიმანები იმყოფებოდნენ, აქედან გამომდინარე იყო ხმამაღალი საუბარი. სიტუაცია განმუხტულია. მიმდინარეობს დიალოგი მუსლიმურ თემსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გუბერნატორის ჩართულობით“,- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.

შეგახსენებთ, 12 იანვარს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ინციდენტი მოხდა (ვიდეო იხ. აქ). მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.