აქტუალური
აფხაზეთსა და ცხინვალში განთავსებულ რუსულ ბაზებზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ თავის სამხედრო ბაზებზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ამავე ინფორმაციით, რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ სამხედრო ბაზების ასობით სამხედრო მოსამსახურეს გაუკეთდა.

საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ 15 იანვრის ინფორმაციით, აფხაზეთში მდებარე რუსული ბაზისთვის გადაცემული პირველი პარტია ორკომპონენტიანი ვაქცინის 500 დოზისგან შედგება. ამავე ცნობებით, ვაქცინაციას ორი ბრიგადა განახორციელებს და ის ორ ეტაპად, 21 დღის შუალედით, განხორციელდება.

14 იანვარს, ცხინვალში მდებარე საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინებოდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ რეგიონში 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე აიცრა.