პოლიტიკა
ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. მმართველი პარტიის – ქართული ოცნების მეექვსე ყრილობის დელეგატებმა პარლამენტის ყოფილი სპიკერი, 42 წლის ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

პარტიის ყრილობას, რომელიც ექსპოჯორჯიის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, კოვიდ-19-ის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო მხოლოდ 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. ირაკლი კობახიძემ ამ თანამდებობაზე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ წასვლის შესახებ 11 იანვარს განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ იგი „კერძო ცხოვრების წესს“ უბრუნდება.

პოსტზე ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, პარტიის წევრებს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დაახლოებით 4 წუთიანი სიტყვით მიმართა, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და ნაციონალური მოძრაობის „სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძენბული რეჟიმის“ დამარცხებაში და 2012 წელს „ახალი დემოკრატიული წესრიგის დამყარებაში მის წვლილს გაუსვა ხაზი.

„დღემდე ის იყო თავისუფლების, მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის“, – დაამატა მან.

კობახიძის თქმით, ქართული ოცნება სამ მთავარ რამეში გამოიხატება. „პირველი, ეს არისერთიანი საქართველო – ერთიანი ფიზიკურად და სულიერად. ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი [ცხინვალის რეგიონი], აფხაზებითა და ოსებით. სულიერად ერთიანი საქართველო , სადაც ადამიანებს არ ჰყოფს სიძულვილი, არამედ ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს“, – თქვა ოცნების თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მეორე ეს არის საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით – საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში.

კობახიძისვე განცხადებით, ქართული ოცნების მესამე გამოხატულება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა.

ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პარტიის განახლებული პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც გამოაცხადა. პარტიის მმართველი ორგანოს განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

კახა კალაძე – გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი;

ვასილ მაღლაფერიძე – პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი დირექტორი;

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი;

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე;

მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი;

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი;

თეა წულუკიანი – პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

მამუკა მდინარაძე- ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე;

კახა კუჭავა – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი;

ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი;

მაკა ბოჭორიშვილი – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

მარიამ ქვრივიშვილი – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ნიკოლოზ სამხარაძე – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

სოზარ სუბარი – პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე;

დიმიტრი სამხარაძე – პარტიის რეგიონული მდივანი, პარლამენტის წევრი;

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე.

პოსტზე არჩევა ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს თანაგუნდელებმა მიულოცეს და ბიძინა ივანიშვილს „პარტიის მშენებლობის საერთო წარმატების საქმეში“ ჩადებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი [კობახიძე] სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი მხარდამჭერების იმედებს“, – თქვა პარტიის გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და დაამატა, რომ გუნდის სხვა წევრები მას დაეხმარებიან „იმ მძიმე ტვირთის ტარებაში, რასაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერობა აკისრებს“.

„მას [ირაკლი კობახიძეს] აქვს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გუნდისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომლებიც ჩვენი პარტიის, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

„საპასუხისმგებლო“ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის ერთხმად არჩევაზე გაამახვილა ყურადღება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვიმაც.

ქართული ოცნების ყრილობა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე წარიმართა. ისინი დღეს „ექსპო ჯორჯასთან“ ყრილობის დაწყებამდე მივიდნენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ე.წ. „სირცხვილის კორიდორები“ მოუწყვეს და ქართული ოცნების მიერ „მოპარული“ არჩევნები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისთვის სულ 9 პირი დააკავეს. მოგვიანებით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.