სამართალი
საია-ს თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩიეს

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. საია-ს ინფორმაციით, გამგეობის სხდომა გუშინ გაიმართა. იმ დღესვე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს.

„ნიკა სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი. 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად. 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.

ნიკოლოზ სიმონიშვილი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში. მას საია-ში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი“,- აღნიშნულია საია-ს ინფორმაციაში.