პუბლიკაციები
ხიდირბეგიშვილი: კავკასიური პლატფორმა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია (SPUTNIK)

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მიიჩნევს, რომ "კავკასიურ პლატფორმაში" მონაწილეობა საქართველოს მისი ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ კავკასიის გამაერთიანებლისა და მამოძრავებლის როლში დაბრუნების მნიშვნელობა აღნიშნა. ამ მიზნით ქვეყნის მეთაურმა "კავკასიის სამშვიდობო პლატფორმის" შექმნის იდეაზე დაფიქრების წინადადება წამოაყენა, რომელიც გააერთიანებს კავკასიის ქვეყნებს, გარე მოთამაშეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

სულ მცირე, კავკასიური პლატფორმა ხელს შეუწყობს საქართველოს მდიდარი ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ლოგისტიკური და სატრანზიტო შესაძლებლობები. ენერგეტიკული მატარებლების ტრანზიტი და კავკასიის ყველა ქვეყანასთან დამაკავშირებელი და საქართველოზე გამავალი ავტომაგისტრალები”,- განუცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik საქართველოს.

პოლიტოლოგის თქმით, პროექტი წარმოადგენს საქართველოს მიერ შემოთავაზებული "შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიული კონცეფციის" ალტერნატივას, რომელსაც ლობირებენ აშშ და ნატო. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოს მოუწევს ამ ორ პროექტს შორის არჩევანის გაკეთება ანდა მათში ერთდროული მონაწილეობის შეთავსება.