რელიგია
მიტროპოლიტი დიმიტრი: პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის ვაქცინაცია იყო

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს, განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ნათლისღების წირვაზე, ქადაგებისას ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთა 32 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ვაქცინაციის გეგმაზე საქართველომ მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე თებერვლის ბოლოს იქნება. ჯერჯერობით საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე.

„ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ყველას გვახსოვს, მოზრდილ ასაკში სკოლაში, საბავშვო ბაღში, ყველგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული“, - განაცხადა დიმიტრიმ.

მეუფის თქმით, ვაქცინაცია რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობის 60%–ის ვაქცინაცია, რისთვისაც დაახლოებით 164 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ვაქცინაციისთვის უკვე განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65–დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები. შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის, იმ პირების, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს.