აქტუალური
სარემონტო სამუშაოების გამო ენგურჰესი დროებით ჩერდება

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური – ენგურჰესი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების მიზნით 20 იანვრიდან დაახლოებით სამი თვით გაჩერდება.

უწყების ცნობით, სადგურის კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა. რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

განახორციელებენ. სარემონტო სამუშაოებისთვის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდი სპეციალურად შეირჩა, ვინაიდან ამ დროს ენგურჰესში წყლის რესურსი მინიმალურია.

სარეაბილიტაციო პროექტის მთავარი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის შეკეთებაა. აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება. შესაბამისად, როგორც სამინისტრო აცხადებს, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო.

ენგურჰესის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ენერგომომარაგებას რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან რეგიონი სრულად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. 2019 წლის მდგომარეობით, ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 48% მიდის აფხაზეთში, ხოლო 52%-ს დანარჩენი საქართველო იღებს.

აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2020 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების პერიოდში რეგიონს ელექტროენერგიით მოსკოვი მოამარაგებს.