უცხოეთი
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გააუქმა დონალდ ტრამპის არაერთი გადაწყვეტილება

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი.აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების შესრულების დაწყებისთანავე ხელი მოაწერა 17 დოკუმენტს, რომელთა ნაწილი ითვალისწინებს წინამორბედი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების დაბლოკვას.

ბაიდენმა შეაჩერა მექსიკასთან საზღვაზე კედლის მშენებლობა და გააუქმა ექვსი მუსლიმური ქვეყნიდან აშშ-ში ჩასვლაზე დაწესებული შეზღუდვა. აშშ უბრუნდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის რამდენიმე განკარგულება ეხება კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლას. მათ შორის, სავალდებულო გახდა ფედერალურ დაწესებულებებში დამცავი ნიღბების გამოყენება.

ჯო ბაიდენის მრჩევლების თანახმად, პრეზიდენტობის პირველივე დღეებში ბაიდენი მიიღებს გადაწყვეტილებებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირებების შესრულება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს გააძლიეროს ბრძოლა სისტემურ რასიზმთან და გენდერული, თუ სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.

radiotavisupleba.ge