აქტუალური
დავით ზალკალიანი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვება

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცედენტო, ისტორიული, საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმების, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველო წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო შეფასებაა, რომელმაც იურიდიულადაც დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე.

კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები და რუსეთის პასუხისმგებლობა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში.

გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოს შორის ესეც მნიშვნელოვანი აღიარება და მიღწევა არის.

დარწმუნებული ვართ, აღნიშნული უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის სერიოზულ საფუძველს შექმნის.

სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფო ინსტიტუტების, ყველა იმ უწყების, განსაკუთრებით, იუსტიციის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელობის, ასევე ჩვენი საზოგადოების იმ 12-წლიანი ძალისხმევის შედეგი. კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ განვაგრძოთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, საქართველოს განუყოფელი რეგიონების დეოკუპაციის, ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგების და ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.