საზოგადოება
საქართველოში მობილური ბრიგადების მობილიზება და ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა განიხილება

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის ეტაპზე მობილური ბრიგადების მობილიზება იგეგმება.

მისივე თქმით, მეორე კვარტლის შემდეგ, როცა სავარაუდოდ ქვეყანაში უკვე მასიური ვაქცინაცია დაიწყება, განიხილება ვაქცინაციის ცენტრების მოწყობაც.

„ვფიქრობთ მობილური ბრიგადების მობილიზებაზე, მობილური ბრიგადები აუცილებელი იქნება იმ ბენეფიციარების აცრისთვის, ვინც იმყოფება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, ასევე თუ უკვე გადავალთ ფართომასშტაბიან მოცვაზე, რაიონულ და სოფლის დონეზეც ვისაუბრებთ ვაქცინაციაზე, აქაც დაგვჭირდება მობილური ბრიგადები. არსებობს მსოფლიო გამოცდილება მასიური ვაქცინაციის ცენტრების მოწყობისთვის, ჩვენს გეგმაშიც არის ეს ოფცია განხილული, ესეც უკვე იქნება იმ ეტაპზე, როცა დავიწყებთ მასიურ ვაქცინაციას, უფრო მეორე კვარტლის შემდეგ, როდესაც პირველი პრიორიტეტული ჯგუფები იქნება მოცული და 2-დან 8 გრადუსამდე ვაქცინის რეჟიმით გვექნება გაფართოებული მოცვის შესაძლებლობა.

გეგმაში დეტალურად არის განხილული, თუ რა რესურსი სჭირდება, თითოეულმა ბრიგადამ რამდენი ადამიანის აცრა შეიძლება მოახერხოს დღის განმავლობაში. ვაქცინაციის პროგრამა იქნება ძალიან ინტენსიური და იმუნიზაციის ის რესურსი, რომელიც დღეს აქვს ქვეყანას სხვა ვაქცინების ადმინისტრირებისთვის, პრაქტიკულად უნდა გაოთხმაგდეს, ამისთვის ქვეყანა არის მზად და დეტალურად არის წარმოდგენილი, რამდენი ბრიგადა რამდენი კვირის განმავლობაში იმუშავებს, რათა მოცვის სასურველ მაჩვენებელს მივაღწიოთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.