როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ედუარდ გარდნერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობასა და სსფ-ს შორის ახალი პროგრამის დაწყების შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ ამ ეტაპზე მხარეებს შორის ტექნიკური საკითხები ზუსტდება: „ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ფონდში ოფიციალური განცხადება გააკეთოს“.
პროგრამის ხანგრძლივობა 2 წლის ვადითაა ნავარაუდები და 2013 წლისთვის უნდა დასრულდეს.
საქართველოში სსფ-ის მორიგი მისია 2011 წლის 13-28 აპრილს იმყოფებოდა. ივნისის დასაწყისში ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს დაწყებული სსფ-ის Stand-By პროგრამა დასრულდება და „დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, ფონდი საქართველოს 110 მილიონამდე აშშ დოლარს გამოუყოფს. მთავრობას ამ თანხის ათვისება დაუყოვნებლივ შეეძლება სურვილისამებრ“, – განმარტავს გარდნერი.
ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის 2008 წლის სექტემბერში დამტკიცებული Stand-By Arrangement-ის (SBA) ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური დახმარების – 477,1 მლნ SDR-ის, 747,1 მლნ SDR-მდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება 2009 წლის 6 აგვისტოს მიიღო. შესაბამისად, Stand-By Arrangement-ის ხანგრძლივობის ვადა 18-დან 33 თვემდე (მიმდინარე წლის 14 ივნისამდე) გაიზარდა.