საზოგადოება
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც პენსიის ას დოლარამდე გაზრდის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირებას შეეხება. კანონპროექტი პარლამენტის შესაბამის დეპარტამენტს დღეს პარტიის წარმომადგენელმა მიხეილ ამაშუკელმა ჩააბარა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტია კანონით განსაზღვრულ ვადებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 30 ათას ხელმოწერასაც წარუდგენს, როგორც ამას შესაბამისი პროცედურა ითვალისწინებს.
„როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაპირებული პენსია სააკაშვილის მხრიდან მხოლოდ მორიგი პიარაქცია იყო, რადგან დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში პენსიის ოდენობა საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება. ამასთან, იგი კვლავ დისკრიმინაციულია რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერთათვის. სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა ამ თემაზე მუშაობს, მეტად ზოგადია და ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლების დუმილიც გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაშიც მორიგ პოპულისტურ ნაბიჯთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ამაშუკელმა.