სამართალი
პარლამენტთან დაპირისპირების დროს ოპოზიციის მომხრე 25 აქტივისტი დააკავეს

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტთან 19 თებერვალს ოპოზიციის მომხრე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად პოლიციამ ოპოზიციის მომხრე 25 აქტივისტი, მათ შორის, პარტია ლელო საქართველოსთვის სამი წევრი – საბა ბუაძე, ირაკლი კუპრავა და თაზო დათუნაშვილი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ აქტივისტები ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მედიის ცნობით, აქტივისტებს პარლამენტის შენობის უკან გაშლილი კარვის წინა პერიმეტრზე გადმოტანა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.

პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული და ამ შესაძლებლობის ჩამორთმევა „გაუმართლებელია“. მანვე დაამატა, რომ პოლიციას შეკრების მიმდინარეობისას „ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან“ თავის შეკავების ვალდებულება აქვს.

დედაქალაქში დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რომ სასამართლომ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის საქმეზე დაკისრებული გირაოს გაზრდილი თანხის გადაუხდელობის გამო წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტიც დატოვა. მის ადგილზე ქართულმა ოცნებამ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და ზოგადად ოპოზიციის მიმართ ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩევა.