მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა შპს „ნუგეშის“ დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი სიბაშვილი დააკავა, რომელმაც სახელმწიფოსგან თანხა ჰემოფილიით დაავადებულთათვის მედიკამენტების შესაძენად მიიღო, თუმცა წამლებს ის ხელოვნურად გაზრდილი ღირებულებით აბარებდა და მოგებას ითვისებდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ „ნუგეშის“ დირექტორი ოპერაციებს სამი უცხოური ფირმის (იტალიური „KEDRION SPA“, ჩინური „RARE ANTIBODY ANTIGEN SUPPLY, INC“ და ამერიკული „TALECRIS HEALTH CARE LLC“) საშუალებით ახორციელებდა. სიბაშვილი საქართველოში მედიკამენტების იმპორტირებისას აყალბებდა შემოტანილი პროდუქციის ინვოისებს და საბაჟო დეკლარაციებში ხელოვნურად გაბერილი ფასები შეჰქონდა, რითაც ზრდიდა მედიკამენტების ღირებულებას. სანაცვლოდ კი, ზემოაღნიშნული ფირმები თანხებს სიბაშვილის ანგარიშებზე რიცხავდა ქართულ ბანკებში.
გასული 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 6 900 000 ლარიდან სიბაშვილმა 1 700 000 ლარი მიითვისა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში შპს „ნუგეშის“ დირექტორს 12 წლამდე პატიმრობა ელის.