პუბლიკაციები
ზუგდიდში სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ოფისი გაიხსნა

samegreloსამეგრელოში, ზუგდიდში, სამთავრობო თუ არასამთავრობო, საერთაშორისო, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოძრაობები მრავლადაა, მაგრამ  მნიშვნელობითა და დანიშნულებით ვერც ერთი ახლოსაც ვერ მივა სახალხო  მოძრაობა „სამეგრელოსთან“, რომელიც 1999 წლის მარტში  ქალაქ ფოთში დაარსდა ჭეშმარიტი მამულიშვილის - ალექსანდრე ჭაჭიას თავკაცობით. ამ მოძრაობის შექმნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და კუთხურ-სეპარატისტულ პარტიად მოინათლა. სწორედ ამიტომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” დაუპირისპირა „მოქალაქეთა კავშირის“ მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერის - ბეჟან გუნავას ინიციატივით დაარსებული „სამეგრელო - ერთიანი საქართველოსთვის“, აგრეთვე, შევარდნაძის დავალებით ბაკურ გულუას მიერ შექმნილი „კოლხეთი“. მაგრამ ეს მოძრაობები  შარშანდელი თოვლივით გაქრა, ხოლო ჭაჭიასეულმა სახალხო მოძრაობა „სამეგრელომ“ მრავალ ქარტეხილს გაუძლო და დღესაც უშიშრად იბრძვის თავისი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად – საქართველოს სულიერი და ტერიტორიული გამთლიანებისათვის.

არაფერი კეთდება სამეგრელოს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის განსამტკიცებლად, - გვატყუებდა ედუარდ შევარდნაძე, გვატყუებს მიხეილ სააკაშვილი. არადა, აფხაზეთის გარეშე საქართ­ველო საქართველოდ არ შეიძლება იწოდებოდეს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ ის მოთხოვნები, რომლებიც რეგიონის განვითარებისთვისაა საჭირო და ყოველნაირი ხერხით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, იფიქროს ჩვენს რეგიონზე. ამჟამად სამეგრელოს მოსახლეობა მხოლოდ საარჩევნო ყუთის ფუნქციას ასრულებს, - განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ 2005 წლის ნოემბერში ზუგდიდში სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ IV ყრილობაზე.
ამ დღეებში  ზუგდიდში,  რუსთაველის ქ. # 68-ში გაიხსნა სახალხო მოძრაობა სამეგრელოს კეთილმოწყობილი ოფისი, რასაც დიდი სიხარულით შეხვდნენ ზუგდიდელები და ზუგდიდში განთავსებული დევნილები. მკითხველს ვთავაზობთ მათ მოსაზრებებსა და შეხედულებებს:
ზურაბ კვარაცხელია, სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” ოფისის ხელმძღვანელი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, 1992-93 წწ. საქართველოს ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტის გამგეობის წევრი:
- ჩვენი სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ დაფუძნებიდან 10-12 წლის განმავლობაში ქვეყნის სასიკეთოდ არა თუ შეიცვალა რამე, არამედ პირიქით - უფრო გაუარესდა და ჩვენ მოვალედ ვთვლით თავს, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ოდნავ ჩრდილში მოქცეული სახალხო მოძრაობა უფრო გავააქტიუროთ, უფრო მეტი მასშტაბურობა შევძინოთ მას, მოვახდინოთ ეროვნულ-პატრიოტული ძალების კონსოლიდირება და მობილიზება. ამიტომაც დღის წესრიგში დადგა ზუგდიდში ოფისის გახსნის აუცილებლობაც. ჩვენი მოძრაობის ლიდერმა ალექსანდრე ჭაჭიამ წლების წინათ შეიმუშავა და საქართველოს საზოგადოებრიობას შესთავაზა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის საჭირო კონცეფციის იგნორირება. ჩვენი მიზანია ერთიანი, დემოკრატიული, სამართლებრივი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაცვა, ყოველგვარი სეპარატისტული გამოვლინებების აღკვეთა. რეგიონების სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების პროგრამის შემუშავება და რეალიზაცია.
- ბატონო ზურაბ, თუ ექნება სახალხო მოძრაობა სამეგრელოს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია?
- ჩვენს მოძრაობას აქვს და ყოველთვის ექნება თავისი მკაფიოდ გამოხატული პოზიცია ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე. შესაძლებლობის ფარგლებში ეს პოზიცია ყოველთვის იქნება გამოხატული. მითუმეტეს, რომ ამ ბოლო პერიოდში საზოგადოების მხრიდან სახალხო მოძრაობა „სამეგრელოსა“ და მისი ლიდერის, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას მიმართ ინტერესი და მოლოდინი განსაკუთრებულად შეიმჩნევა. 
სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ უმთავრესი მიზანია ქართულ-აფხაზური პრობლემის მოგვარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის და განსაკუთრებით - ჩვენი რეგიონისთვის. ამისათვის კი უნდა იქნეს გამოყენებული სამეგრელოს პოტენციალი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ არსებობს გეოპოლიტიკისა და გეოსტრატეგიის ცნება და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დარეგულირების გარეშე მოგვარდება ეს საკითხი. მე მრავალჯერ მითქვამს, რომ ჩვენი ერი დაუშვებს დიდ შეცდომას, თუ ამ პრობლემის მოგვარების საქმეში არ გამოიყენებს აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი კაცის, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას პოტენციალს. ყველას ვთხოვ, ამაზე კარგად დაფიქრდეს. დრო გადის და ეს დრო ჩვენზე ნამდვილად არ მუშაობს. ჩვენ ახლა ვცდილობთ, მოვახდინოთ ამ მოძრაობის რეორგანიზება და გააქტიურება. იმედი გვაქვს, საზოგადოების ღირსეული და პატრიოტულად განწყობილი პიროვნებები აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი მოძრაობის საქმიანობაში, სწორედ ამის გამო გაიხსნა სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ოფისი ზუგდიდში.
აბელ ხვიტია:
- მივესალმები ოფისის გახსნას, მივესალმები ალექსანდრე ჭაჭიას. ჭკვიან კაცად ვთვლი და მიმაჩნია, ძალიან დროული და საჭირო იყო ოფისის გახსნა. 
ტიტიკო კვარაცხელია:
- დიდი მადლობა ყველას, ვინც იზრუნა ამ ოფისის გახსნაზე. მე ამ მოძრაობის  მხარდამჭერი ვარ და მიმაჩნია, რომ ოფისის გახსნა გაააქტიურებს ამ მოძრაობას. მას შეუძლია უდიდესი როლი შეასრულოს სრულიად საქართველოს, მათ შორის სამეგრელოს, აღორძინებაში.
ვახტანგ შონია:
- ალექსანდრე ჭაჭიამ სხვა მეტი არაფერი რომ არ გააკეთოს, ისიც ეყოფა, რომ ზვიად გამსახურდიას ძეგლი დადგა ზუგდიდში. ალექსანდრე ჭაჭიას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ეს ოფისიც მოგვცემს იმის საშუალებას, იქ შევიკრიბოთ და დავსახოთ ამ პრობლემებიდან თავის დაღწევის გზები.
რევაზ ფიფია:
- საქართველოში ამჟამად არსებული ოპოზიციური პარტიები პარტიებად არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ ისეთივე ხედვა აქვთ, როგორიც - ხელისუფლებას: ნატო, ამერიკა, დასავლეთი. სახალხო მოძრაობა „სამეგრელო“ და მისი ლიდერი ალექსანდრე ჭაჭია საქართველოს გეოპოლიტიკას ითვალისწინებს - სად ვცხოვრობთ, ვისთან ვმეზობლობთ. ალექსანდრე ჭაჭია არის ყველასგან გამორჩეული პოლიტიკოსი, ამიტომაც მის გვერდით უნდა დადგეს ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი.
გენო ბერიშვილი:
- მე ოჩამჩირიდან ვარ და, როგორ შეიძლება, ამ მოძრაობას მხარი არ დავუჭირო. ბატონი ალექსანდრე ჩემზე უმცროსია და შეიძლება არ მიცნობდეს, მაგრამ მე კარგად ვიცნობ მის ნაწერებს, კარგად ვიცნობდი მის მშობლებს, სულითა და გულით მასთან ვარ და ჩემთან ერთად - აფხაზეთიდან დევნილები.
როლანდ მაქაცარია:
- ჩემთვის მისაღებია ის იდეები, რომლისთვისაც სახალხო მოძრაობა „სამეგრელო“ იბრძვის. ჯანსაღ ოპოზიციად მიმაჩნია, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონოდა ოფისი. 
გურამ ჭანტურია:
- მე ყოველთვის მომწონდა ალექსანდრე ჭაჭიას გონება და მსოფლმხედველობა, ნიჭი, განათლება. მისი გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე აუცილებლად წაადგება ჩვენს ქვეყანას. მე ამ ახლადგახსნილ ოფისს ხშირად მოვაკითხავ.
ზური ცირამუა:
- ჩემი აზრით, ამ ოფისის გახსნა საუკეთესო საშუალებაა ხალხის ზომბირებული ნაწილის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. წარმატებებს ვუსურვებ ამ მოძრაობას და ალექსანდრე ჭაჭიას. მიგულეთ თქვენს გვერდით.
გურამ შელია:
- თუ არსებობდა აჭარაში “აღორძინება”, რატომ არ უნდა არსებობდეს სამეგრელოში ანალოგიური რამ. თუ ვინმეს შეუძლია აფხაზებთან კავშირურთიერთობის დამყარება, პირველ რიგში, მეგრელებსა და სამეგრელოს შეუძლია. ამ მოძრაობას შეუძლია ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა.
ჯიმშერ შეროზია:
- არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, ისე კი აქტიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. მიმაჩნია, რომ ამჟამად უფრო ეროვნული პიროვნება, ვიდრე ალექსანდრე ჭაჭიაა, საქართველოში არ მეგულება. მე, როგორც სოხუმელ კაცს, მისი დიდი იმედი მაქვს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია აფხაზებისა და აფხაზეთის დაბრუნება. ამიტომაც არა მარტო მე, არამედ ყველა დევნილი მის გვერდით უნდა დადგეს. ველოდებით მასთან შეხვედრას. ოფისის გახსნა მეტად აუცილებელი და საჭირო იყო.
ძალიან ბევრს სურდა მოსაზრების გამოთქმა და თანადგომის გამოხატვა სახალხო მოძრაობა სამეგრელოს მიმართ, მაგრამ ყველას სურვილის დაკმაყოფილება შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

ლადო ქირია
ზუგდიდი

 

http://geworld.net/politics/1269.html