რელიგია
საპატრიარქო „ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილი წევრები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებას გარკვეული პირობებით შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, ამისათვის პირმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს უნდა მიმართონ. მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად.

„ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილმა წევრმა, ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ ხელმოწერით უნდა დაადასტუროს საკუთარი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, მღვდელმსახურმა პირს უნდა წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. „შენდობის ფურცელი“ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით.

აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად.

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ 2017 წელს დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.