აქტუალური
როსარია პუგლისი - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.

კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პუგლისმა.

ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა გავზარდოთ თქვენი პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესაძლებლობები, რათა შეძლოთ თქვენი სამუშაოს შესაბამისად წარმოება. თქვენს სამუშაოს ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ალიანსის წევრი. ეს გახლავთ კითხვა, რომელიც ეხება არა მხოლოდ სამხედროს, არამედ ყველა ქართულ ინსტიტუტს და პარლამენტს. პარლამენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

საქართველო ნატო-ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ძალიან ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა გვაქვს. საქართველო იყო და რჩება ერთ-ერთ უმთავრეს მონაწილედ ნატო-მისიებში ავღანეთში. ჩვენ ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რაც საქართველომ გაიღო ამ წლებში.

ნატო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი და ჩემნაირი ადამიანების სამუშაო გახლავთ დაგიჭიროთ მხარი, რათა გახდეთ უფრო ძლიერები, უნარიანები და მომზადებულები, რათა გახდეთ ალიანსის წევრები. საქართველო გახდება ნატო-წევრი, როგორც იყო გაცხადებული ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რომ გახდეს წევრი და ჩვენ ყოველთვის ვახალისებთ საქართველოს, რაც შეიძლება აქტიურად გამოიყენოს ეს ინსტრუმენტები თავის სასარგებლოდ.

ჩვენ ვგრძნობთ პროგრესს კონსოლიდაციის გზაზე. ეს ნაბიჯია წევრობისკენ. საქართველოს საზოგადოება მჭიდროდ უჭერს მხარს ნატო-წევრობას. მოსახლეობის 69 პროცენტი აცხადებს, რომ სურთ, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი. ეს პატარა რიცხვი არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ეს მხარდაჭერა იქნება ხანგრძლივი და მდგრადი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები კარგად არიან ინფორმირებული.

ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ, რა ხდება ამ ურთიერთობების თვალსაზრისით , ყველა ნაბიჯთან მიმართებაში. ზუსტი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ქვეყანა, რომელიც არის ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ჰიბრიდული ომის, მუდმივ დეზინფორმაციის გამოწვევის წინაშე. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება და რას ვაკეთებთ“, – განაცხადა როსარია პუგლისმა.