აქტუალური
მოძრაობა „წინსვლას“ აქტივისტებმა ოპოზიციური პარტიების ოფისებთან საპროტესტო აქციები გამართეს

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. სამოქალაქო მოძრაობა „წინსვლას“ აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს ოპოზიციური პარტიების - „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან.

აქციის მონაწილეებმა გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ოპოზიცია იგნორირებას უკეთებს სტრატეგიული პარტნიორების და ევროკავშირის წარმომადგენლების მოწოდებებს პარლამენტში შესვლისა და ყველა პოლიტიკური საკითხის მის კედლებში გადაჭრის შესახებ.

სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი საკუთარი ქვეყნის საბოტაჟის ტოლფასია. მათ მოუწოდეს ოპოზიციას, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების პროცესში იხელმძღვანელონ არა ვიწროპარტიული, არამედ სახელმწიფო ინტერესებით.

აქციის მონაწილეებმა ოპოზიციური პარტიების ოფისების კედლებზე გააკრეს სტიკერები, სადაც იყო დატანილი საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები და ეუთო/ოდირის დასკვნა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ, რის გამოც მათ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომდგენლებთან კონფლიქტი მოუხდათ.

დაძაბული სიტუაცია იყო ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. პარტიის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტები შენობის ეზოში არ შეუშვეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ ეს არის კერძო ტერიტორია და ისინი არ მისცემენ მათ ეზოში შესვლის და შენობაზე სტიკერების გაკვრის უფლებას.

„ჩვენ მოვედით ევროპელების გზავნილებით ოპოზიციის მისამართით - შევიდნენ პარლამენტში... ჩვენ მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობას“ გადადგას ნაბიჯი კონსტრუქციულობისკენ, გაიაზრონ, რა გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა. მოვუწოდებთ, ნუ შეაფერხებენ ქვეყნის წინსვლას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამის პარალელურად, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. აქციის მონაწილეები პატიმრების ზოლიანი სამოსით და პლაკატებით ხელში მივიდნენ.

მონაწილეთა თქმით, აქციის მიზანია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლამდე, კრისტიან დანიელსონამდე მიიტანონ ხმა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები - ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია და „მთავარი არხის“ თანამფლობელი გიორგი რურუა და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობენ, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ ვითარებაზე საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით – უშედეგოდ.

ამჟამად კრისტიან დანიელსონი თბილისშია. ის უკვე მეორედ ჩამოვიდა საქართველოს დედაქალაქში, რათა განაგრძოს მოლაპარაკებების პროცესი და მხარეებს შეთანხმებაში და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს. დანიელსონი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციასთან.